მიხეილ ქვლივიძე – „შენ ეი…”

შენ ეი, „ხმელეთ-ზურმუხტო”,

გამოიხედე აქეთ:

ნუთუ არ ღიზიანდები,

როდესაც პირში გაქებთ,

ხოლო ზურგს უკან – ძირს გითხრით,

შეურაცხგყოფთ და თავს გჭრით,

ჩვენი უზნეო „სიმკვირცხლით”,

მოჩვენებითი გარჯით?!

* * *

ყალბი პრესტიჟის მონები -

ყალბისმქნელებიც გავხდით.

ვტრაბახობთ ჩვენი ქონებით,

სავსე სახლით და დახლით.

პურ-მარილებში თარეშით,

ხაშლამითა და ღომით,

ყველა ხვრელსა და ნახვრეტში,

გაძრომა-გამოძრომით!

* * *

„ცა-ფირუზ”… მაგრამ სადღაა

ის საარაკო ფერი?!

ტიალ უდაბნოდ გამხდარა

შენი ყანა და ტევრი.

ისიც გაგვიხდა საკვეხნად,

რომ ვატყუილებთ მოყვასს:

ნავენახარში ნაგლეხარს

ახლა საზამთრო მოჰყავს!

* * *

გაირყვნა და გათაღლითდა,

ქვეყნის დაკარგა რიდი, -

რძისა და კვერცხის საყიდლად

გლეხი ქალაქში მიდის

და უხვად აქცევს სიმწრის ოფლს

ზვარში კი არა, დახლთან…

მ წ ა რ მ ო ე ბ ე ლ ი  ვინც იყო,

მ ო მ ხ მ ა რ ე ბ ე ლ ი გახდა!

* * *

არ ვიცი, რა გვეშველება,

თუ არ შევიგნებთ ბოლოს,

რომ საქართველოს შვილები

ერთ დიდ ოჯახათ ვცხოვრობთ:

ჩვენი პატრონი – ჩვენვე ვართ,

არავინაა მეტი

და ჩვენს ხელშია „ცა-ფირუზ,

ხმელეთ-ზურმუხტის” ბედი!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>