აუგუსტ ბირი – „ეპიზოდი”
ვიქტორიანულ ეპოქაში მეცნიერება, მათ შორის მედიცინა, განვითარების მაღალ საფეხურზე ავიდა. ბევრი ისეთი ნივთიერება, რომელიც დღეს განსაკუთრებულად არის აკრძალული, როგორც სამკურნალო საშუალებები, ღიად იყიდებოდა აფთიაქებში – ოპიუმი, კოკაინი, დარიშხანი და ასე შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ რომ იმ ეპოქაში იღწვოდა დიდი გერმანელი ქირურგი – აუგუსტ ბირი (1861-1949 წლები), რომელმაც რევოლუციური გადატრიალება მოახდინა მედიცინაში. იგი გახლდათ პირველი ადამიანი, ვინაც თავის სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენა – „სპინალური ანესთეზია” (ასეთ შემთხვევაში ანესთეტიკი შედის ზურგის ტვინის მახლობელ სივრცეში, რის შედეგადაც ტკივილის აღმქმელი იმპულსები მანამდე ითრგუნება, ვიდრე თავის ტვინს მიაღწევდეს). თავდაპირველად აუგუსტმა რამდენიმე პაციენტს კოკაინი შეუყვანა ზურგის ტვინში მის მიერ შემუშავებული მეთოდით. თავის მხრივ, პაციენტებმა გვერდით მოვლენებზე დაიწყეს ჩივილი, რასაც იგი არ იჯერებდა. ამიტომაც გადაწყვიტა გერმანელმა ექიმმა საკუთარ თავზე გამოეცადა ანესთეზიის ზემოქმედება და შედეგი. აუგუსტმა თავის ასისტენტს ხერხემალში ანესთეზიის შეეყვანა უბრძანა. სამწუხაროდ, გამოუცდელმა ასისტენტმა ანესთეზიის დოზა სათანადოდ ვერ მოზომა და ექსპერიმენტატორს დიდი დოზით კოკაინი შეუყვანა ხერხემალში, რასაც თან ზურგის ტვინის ნაწილის დაღვრა მოჰყვა. ჩატარებული ექსპერიმეტნი წარუმატებელი გამოდგა. ამის შემდგომ, აუგუსტმა თავისი ასისტენტი დაითანხმა ანალოგიური ექსპერიმენტის საკუთარ თავზე ჩატარებაზე. ანესთეზიის გაკეთებიდან რამდენიმე ხანში აუგუსტმა თავის ასისტენტს წვივებში შემორტყმა დაუწყო. ამ გზით იგი ამოწმებდა განიცდიდა თუ არა წვივებში დარტყმისაგან მიყენებულ ტკივილებს „პაციენტი”. ასისტენტს ტკივილის გრძნობა გაჰქრობოდა. მიუხედავად ამისა, გერმანელ ექიმს დაწყებული ცდა არ შეუწყვეტია. ამჯერად მან გაღვივებული სიგარით ამოუწვა სხეულის სხვადასხვა ნაწილები ანესთეზიის ქვეშ მყოფ ასისტენტს. ტკივილი მაინც არ ჩანდა… რამაც საბოლოოდ დაარწმუნა აუგუსტი საკუთარ წარმატებაში. – (ავტორი გენია.ჯი)