ჯემალ თოფურიძე – „გათენებულა”

გათენებულა,

სუსხი მისდევს გადაღლილ ლოთებს,

აჰა, სარდაფი და საშველი ღამის სიზმრების,

მეზობლის ძაღლი რა ხანია ნაცნობ ლოთს მისდევს,

რომ ეჩხუბება საკუთარ თავს უცხო სიტყვებით.

* * *

გათენებულა,

ბეღურები კივიან ერთხმად,

მეზობლის ძაღლსაც ასე უაზრო მოსწყინდა დევნა

და ზეცის კიდე უსაშველოდ ნელა ფითრდება,

გამხდარი ლოთი ხომ არაფერს არა ჰპირდება.

* * *

გათენებულა,

შეწყდა სიზმარი და მოპარული საამო კოცნა,

დღე ამუშავებს სათავისოდ საჭირო ფიქრებს,

სინამდვილემ ხომ არასოდეს არ იცის მოცდა.

* * *

გათენებულა,

ლოთი აღარ უყურებს მიწას,

ზეცას უყურებს

და თავის დარდს თვალებში ადნობს,

ფიქრობს ოჯახზე, ფიქრობს ცოლზე, რომ მიატოვა,

ფიქრობს არაყზე ძველებურად რომ აღარ ათრობს.

* * *

გათენებულა,

დღე დააკვდა ქალაქის ქუჩებს,

დღე იბადება – ზეცა ამცნობს ხალხს ამ სიხარულს,

დღე იბადება – რეკავს სხივი ცისფერი ციდან,

გზა მიეცით, დაუკოცნეთ ხელი სიყვარულს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>