„ოღონდ ამოდი, მზეო…”
„გვიხარია მზე რომ ამოდის და ნათდება. მზე არც გაზია და არც ელექტროშუქი, არ ჩაქრება. ახმაურდნენ მაღვიძარები და ადამიანებმა გაიღვიძეს, ახალი დღე დადგა. თუ გუშინ 8 აპრილი იყო, მაშინ დღეს 9 აპრილია, თუ გუშინ კვირა იყო, დღეს ორშაბათია. აი, წელი და თვე იგივეა. არ შეცვლილა. და მაინც, რაღაც შეიცვალა. სამყაროს წელთაღრიცხვას კიდევ ერთი დღე დაემატა. მზე ამოვიდა. მზის ბუნება ჯერ ზუსტად დადგენილი არ არის. ასტრონომები ამ ციურ სხეულს ასეც და ისეც იკვლევენ. როგორც ისინი ამბობენ, მზე ჩვენი პლანეტის სისტემის ცენტრშია, ჩვენი დედამიწა კი ერთი პატარა პლანეტაა. და ეს თუ ასეა, მაშინ რანი ვართ ჩვენ? ხოლო, როცა მზე ამოდის და ადამიანებს უხარიათ, თურმე სასიხარულო არც არაფერი ყოფილა, რადგან რას წარმოადგენს ადამიანი, თუკი მთლიანად დედამიწა მზეზე 300 000-ჯერ პატარაა? და კიდევ რამდენი ციფრია მიწერილი ნულებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ ადამიანი ნულია, ნული, წინ ჯოხის გარეშე, ანუ არარაობა. მაშადამე, ისმება კითხვა: სასიხარულო რა გვაქვს?
და მაინც, ადამიანებს უხარიათ, როცა მზე ამოდის და თეთრსა და ძლიერ შუქს ქუჩებს ჰფენს, ოთახებში ყველა ფერს აღვიძებს და სახეებიც სიბნელიდან ამოყვინთავენ. სასიამოვნოა, როცა ფორმებს ხელით შეიგრძნობ, მაგრამ გაცილებით დიდი სიამოვნებაა ფერებისა და ხაზების მზის შუქზე ხილვა. აპრილის მზე ადამიანებს ოდნავ გაგვათბობს და გვიხარია, ისევე როგორც ყვავილებს, რადგან მზის შუქისკენ ჩვენც ისე მივილტვით, როგორც ისინი. ესე იგი, უამრავ ნულებმიწერილ უზარმაზარ ციფრებში რაღაც ისე არ არის, რაღაც შეცდომაა.
ოღონდ ამოდი, მზეო, ჩვენ შენი არასოდეს შეგვეშინდება. არ გვაინტერესებს ის უთვალავი კილომეტრი, რომელც ჩვენ შენგან გვაშორებს, არც შენი დიამეტრი და მოცულობა. თბილო მზეო, ამოდი ოღონდ, ნათელო მზეო, ამოდი. შენ არც დიდი ხარ და არც პატარა, შენ მხოლოდ სიხარული ხარ”.