ანასტასიო სომოსა დებაილე – „ეპიზოდი”
1956 წლის 21 სექტემბერს ცნობილმა ნიკარაგუელმა პოეტმა – რიგობერტო ლოპეს პერესმა, ვინაც შემდგომში „ეროვნულ გმირად” იქნა აღიარებული, პისტოლეტიდან გასროლით იმსხვერპლა ნიკარაგუის დიქტატორი პრეზიდენტი – ანასტასიო სომოსა გარსია. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის მმართველი გახლდათ, რომლის შესახებაც თავის დროზე აშშ-ის ლეგენდად ქცეულმა პრეზიდენტმა – ფრანკლინ დელანო რუზველმა განაცხადა: „დიახ, იგი ძაღლისშვილია, თუმცა ჩვენი ძაღლისშვილიო”. ისტორიის ადრეულ ეტაპზე ქვეყნის ხელისუფლებაში მოსულმა „უფროსმა” გარსიამ საფუძველი ჩაუყარა „სომოსების ოჯახურ დინასტიას”, რომელიც ამ ლათინოამერიკულ სახელმწიფოს ათწლეულების, კერძოდ კი – 42 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდით განაგებდა.
უკანასკნელი წარმომადგენელი „სომოსების ოჯახური დინასტიისა”, რომელსაც ნიკარაგუის პრეზიდენტის პოსტი ეკავა, რიგობერტოს მიერ მოკლული პრეზიდენტის უმცროსი ვაჟიშვილი – ანასტასიო სომოსა დებაილე (1925-1980 წლები) გახლდათ. მისი მმართველობის ჟამს უსახლკაროთა რაოდენობამ ქვეყანაში 600 000 ადამიანს მიაღწია. და ეს მაშინ, როდესაც ნიკარაგუის მოსახლეობა სულ რაღაც სამნახევარ მილიონ მაცხოვრებელს შეადგენდა; სამოქალაქო ომს შეეწირა 50 000 ნიკარაგუელი; ქვეყნის შიდა ვალმა, საგარეოზე რომ არაფერი ვთქვათ, 1,6 მილიარდ დოლარს მიღწია. შედეგად, ანასტასიო უმცროსის რეჟიმი დამხობილი იქნა.
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ექს-პრეზიდენტი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. მისი წინაპრების საფლავები შეურაცხყოფისა და ვანდალური აქტების ობიექტები რომ არ გამხდარიყვნენ გამწარებული ხალხის მხრიდან, აშშ-ი გაქცევის წინ ანასტასიოს ბრძანებით სამარეებიდან ამოღებული იქნა მამამისის, უფროსი ძმის და ყველა იმ ნათესავის, რომლებიც თავის დროზე ნიკარაგუის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, – კუბოები. ეს „უცნაური ტვირთი” მისი მითითებით განათავსეს აშშ-ი გასაფრენად გამზადებული ექს-პრეზიდენტის პირადი ბოინგის სატვირთო განყოფილებაში. გარდა ამ „უცნაური ტვირთისა”, ბოინგის სატვირთო განყოფილება დატვირთული გახლდათ 400 მილიონი ამერიკული დოლარი ნაღდი ფულითა და უამრავი ძვირფასეულობით. თვითმფრინავის სალონი კი გადაჭედილი იყო სომოსას თანამზრახველი ახლო ნათესავებითა და ეროვნული გვარდიის უფროსი ოფიცრებით. – (ავტორი გენია.ჯი)
ანასტასიო სომოსა გარსია