ოთარ შალამბერიძე – „მერე რაა, რომ საქართველოა”
მერე რაა, რომ საქართველოა
და კიდევ არსად – სხვა საქართველო? –
სიავე იქცა აქაც ხელობად,
ლამის ერთურთი აქაც გათქერონ!..
* * *
როგორ მოხშირდა უცხო ნადური,
როგორ სანსალებს ენა სხვათანი!..
ჩვენ კი მრისხანედ მუშტშემართულნი,
სხვა საქართველო, – ვყვირით, სად არი?!
* * *
მერე რაა, რომ საქართველოა?
აკი იქედნე დაძრწის ბაღნარშიც?!
იყავი თუნდაც დავით მეოთხე, -
საშველს არ მოგცემს ლანდი ბაღვაშის…
* * *
გაუტანლობის შავი ლაქები,
სავარდოში რომ ჯაგნარს შემოშლის, -
სწორედ ეს არის სხვა საქართველო,
აქვე, სრულიად საქართველოში!..
* * *
შაჰსაც წამოსდა ერთი სიმართლე,
მიხვდა ქართლისთვის კუბოს გამთლელი:
ვერარა მტერი ვერ ძლევსო ქართველს,
რომ არ მტრობდესო თვითონ ქართველი!..
* * *
მერე რაა, რომ საქართველოა -
დიდგორის გმირი და ნადიმარი? -
გაივლის დრო და ჩაისახება
ყორღანაშვილი და შადიმანი!..
* * *
ახლაც მკერდს მინგრევს
ბოღმა იმ დღისა,
ახლაც სირცხვილით მიხურს
ყვრიმალი:
ზედ ბაზალეთთან ძმათა სისხლის ღვრას
აკი მიაძღნენ სვავნი მყივარნი?!
* * *
მერე რაა, რომ საქართველოა,
მხარე თავდგმული შოთას წინითა? -
ციხეს ვერ ნახავ, – იმერ-ამერში,
არ გაეტეხოს თვისტომს შიგნიდან…
* * *
მერე რაა, რომ საქართველოა, -
გაიშლი გზის პირს სუფრას ნელიად
და უცებ ჩრდილი თავს წაგადგება,
აიხედავ და… კუჭანტელია!..
* * *
მერე რაა, რომ საქართველოა?
სისხლის ცრემლი სწვავს ყელში გაჩრილი! -
ჩაგისაფრდება სადღაც სიგლახე,
ვით წიწამურთან – ბერბიჭაშვილი!..
* * *
რა გამოლევსო, თქმულა,
მჯობთა მჯობს,
ის მჯობთა მჯობიც გამოლეულა!..
მერე რაა, რომ საქართველოა! -
ბედმა უკუღმა გაიმარტვილა…
სულ რომ არ იყოს, ალბათ
სიკვდილსაც
იწვევდა კაცი უფრო ადვილად!..
* * *
მაგრამ არის და, სწორედ ამიტომ
თავს ახვევია ყორნის გუნდები…
საქართველოში მთელი სიცოცხლე
საქართველოსთვის ბრძოლას ვუნდებით!..