ციან სიუესენის შესახებ…
ამერიკის შეერთებულ შტატებში არ უყვართ იმის გახსენება, რომ მათი ქვეყნის კოსმოსური პროგრამის პირველ შემოქმედს ჩინელი სწავლული და ისიც კომუნისტი – ციან სიუესენი (1911-2009 წლები) წარმოადგენდა. ცნობისათვის, ეს ის სიუესენია, რომელიც შემდგომში ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ფუძემდებლადაც იქცა. (ავტორი გენია.ჯი) შანხაის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ციანმა სწავლა აშშ-ი, კერძოდ კი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში განაგრძო. ასეთი პატივი ჩინელ მეცნიერს მას შემდეგ ერგო, რაც სიუსენმა ნანკანის უნივერსიტეტში გამართულ სპეციალურ კონკურსში მოიპოვა გამარჯვება. მოგვიანებით, ციანს კალიფორნიის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა აერონავტიკის დოქტორის ხარისხი მიანიჭა, რამაც თავის მხრივ, მას გზა გაუხსნა ასტრონავტიკის დარგში წამყვან ამერიკელ მეცნიერებთან დაემყარებინა ურთიერთობა. რეაქტიული ძრავებით დაინტერესებული სიუესენი გახლდათ ის ერთ-ერთი სწავლული, ვინაც 1938 წელს აშშ-ი რეაქტიული ძრავების ლაბორატორია – „The Jet Propulsion Laboratory” დაარსა (აშშ-ის უმთავრესი კოსმოსური ლაბორატორია).
წარმატებულმა მოღვაწეობამ მისდამი ნდობა აშშ-ის ხელისუფლებაში თავდაპირველად უპირობო გახადა. ამიტომაც ანდეს მას მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ გერმანიიდან ყველა იმ დოკუმენტის მოძიება და აშშ-ი ჩატანა, რომლებიც მესამე რაიხის სარაკეტო პროგრამასთან გახლდათ დაკავშირებული. საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შექმნაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა (ციან სიუესენი) იყო ის პიროვნებაც, ვისაც ესოდენ სახელგანთქმული გერმანელი მეცნიერის – ვერნერ ფონ ბრაუნის გერმანიიდან აშშ-ი ჩაყვანა ანდეს.
1949 წელს ციანმა შეიმუშავა პროგრამა, სახელწოდებით – „ცზენის კოსმოპლანი”, რომლის ბაზაზეც რამდენიმე ხანში დაფუძნდა ამერიკული კოსმოსური პროგრამა – „სპეის შატლი”.
გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, რომელიც საგულდაგულოდ სწავლობდა ჩინელი სწავლულის თითოეულ ნაბიჯს, სიუესენს ბრალი დასდო კომუნისტობაში. შედეგად, მისი მდგომარეობა, მიუხედავად უდიდესი ღვაწლისა, უცხო ქვეყანაში გაუსაძლისი გახდა. ამიტომაც გადაწყვიტა მან სამშობლოში დაბრუნება. 1955 წლის 17 სექტემბერს აშშ-სა და ჩინეთს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგი გახლდათ ის, რომ ციან სიუესენი აშშ-ის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა „დიდსულოვნად” დაუთმო ჩინეთს.
სამშობლოში დაბრუნებული ჩინელი მეცნიერი გახდა ინიციატორი ჩინური საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შემუშავებისა. იგი ხელმძღვანელობდა ჩინურ კოსმოსურ პროგრამასაც და იმდენად დიდ წარმატებასაც მიაღწია აღნიშნულ დარგში, რომ მას მადლიერმა ჩინელმა ხალხმა – „ჩინური კოსმონავტიკის მამა” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)