კლავდიუსი – „ეპიზოდი”
„კლავდიუსი – არის ადამიანი, რომლის შექმნა ბუნებამ კი დაიწყო, მაგრამ არ დაასრულაო”. – ეს სიტყვები რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ანტონიამ წარმოთქვა საკუთარი ვაჟის – კლავდიუსის (ძვ.წ.აღ-ით 10 – ახ.წ.აღ-ით 54 წლები) შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, იგი არ იყო ისეთი, როგორიც მშობლებს სურდათ რომ ყოფილიყო: მას არა მხოლოდ მრავალი პრობლემა გააჩნდა ჯანმრთელობის მხრივ, არამედ გამოირჩეოდა ერთობ შეუხედავი გარეგნობითაც. გარდა ამისა, ეს ყოვლად მოუხერხებელი და კოჭლი ყმაწვილი ძალიან უკიდებდა ენასაც. შედეგად, ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ ასეთი დეფექტების მქონე კლავდიუსი, რომლისთვისაც წუწუნი ჩვეულებად იყო ქცეული, ოდესმე რომის ძლევამოსილი იმპერიის მბრძანებელი გახდებოდა. მიუხედავად ამისა, კლავდიუსს ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრია: თვითგანათლებას მიცემული დაკავდა მეცნიერებისა და ორატორული ხელოვნების შესწავლით.
კალიგულას მმართველობის პერიოდში იგი კონსულად იქნა დანიშნული. მას შემდეგ, რაც ეს ოდიოზი მმართველი შეთქმულებმა იმსხვერპლეს, ერთადერთი წარმომადგენელი კლავდიუსის ოჯახიდან, ვინაც მათი შურისძიების მახვილს გადაურჩა, სწორედ რომ კლავდიუსი აღმოჩნდა. სიცოცხლე მან მხოლოდ იმით შეინარჩუნა, რომ მისგან არავინ მოელოდა საფრთხეს. ამავე მიზეზით იგი მალევე რომის იმპერატორად აირჩიეს. შეთქმულები ვარაუდობდნენ, რომ ახალი იმპერატორი მათთვის იოლად სამართავი პერსონა იქნებოდა…
თუმცა, კლავდიუსმა, რომელიც არასოდეს მოუმზადებიათ ესოდენ საპასუხისმგებლო თანამდებობისთვის, საყოველთაოდ დამკვიდრებული შეხედულება მის შესახებ ნაცარტუტად აქცია. ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე, ყოვლად უმწეოდ მიჩნეულმა მმართველმა ჯერ კალიგულას წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილენი დასაჯა, შემდეგ კანონების რეფორმებას მიჰყო ხელი, იმპერიაში დაამყარა მშვიდობა და დროთა განმავლობაში რომის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მმართველადაც ჩამოყალიბდა.
კლავდიუსის მმართველობის ჟამს არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიები დაუბრუნდა რომს, არამედ კიდევ უფრო განივრცო იმპერიის საზღვრები. – (ავტორი გენია.ჯი)