ენდრიუ ჯექსონი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-7 პრეზიდენტი - ენდრიუ ჯექსონი (1767-1845 წლები), ვინაც აშშ-ი ემიგრირებულ ირლანდიელთა ოჯახში მოევლინა ქვეყნიერებას, ბავშვობიდანვე გულგრილად ეკიდებოდა ცოდნის მიღებას (მისი ბიოგრაფები ხშირად შენიშნავდნენ, რომ ამ დიადი ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს წიგნის კითხვა იმთავითვე არ უყვარდაო). შედეგად იგი, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უშვებდა გრამატიკულ შეცდომებს წერისას. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, 186 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე მოუსვენარმა ჯექსონმა, რომელსაც თავის დროზე ერთობ იტაცებდა აზარტული თამაშები, საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც შესძლო გამარჯვების მოპოვება.
აშშ-იდან ინდიელთა გასახლების გულმხურვალე მხარდამჭერმა ენდრიუმ, თავისი ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 12-ჯერ ისარგებლა ვეტოს უფლებით. ამ რაოდენობის ვეტოთი კი მანამდე ერთად აღებულ არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ უსარგებლია. გარდა ამისა, ჯექსონი წარმოადგენდა იმ პირველ პრეზიდენტსაც აშშ-ის ისტორიაში, რომელმაც „ჩრდილოვანი” სტრუქტურა ჩამოაყალიბა ქვეყნის სამართავად. იგი მინისტრთა კაბინეტის წევრების რჩევებსა და შეხედულებებს კი არ ითვალისწინებდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში, არამედ ეყრდნობოდა მის მიერვე შერჩეული მრჩეველთა ჯგუფის გადაწყვეტილებებს. ეს არაოფიციალური მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტებული გახლდათ ენდრიუს ახლო მეგობრებითა და გავლენიანი ამერიკული გაზეთების რედაქტორებით. შედეგად, ჯექსონის მიერ ჩამოყალიბებულ ჩრდილოვან სტრუქტურას ხალხმა მრავლისმეტყველად უწოდა – „სამზარეულო კაბინეტი”.
1835 წლის 30 იანვარს რიჩარდ ლოურენსმა მასზე წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა, რამაც ჯექსონი ქვეყნის ისტორიაში იმ პირველ პრეზიდენტად აქცია, რომლის სიცოცხლის ხელყოფაც სცადეს საპრეზიდენტო უფლებამოსილების აღსრულების ჟამს. – (ავტორი გენია.ჯი)