ჰიპები – „ეპიზოდი”
სინგაპურის ხელისუფლებამ 1960-იან წლებში ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში ერთობ გავრცელებულ „ჰიპების” სუბკულტურასა და მის მრავალრიცხოვან მიმდევრებს. სუბკულტურას, რომელიც იმ პერიოდში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა მსოფლიო მასშტაბით. (ავტორი გენია.ჯი) ლი კუან იუს მთავრობის გადაწყვეტილებით, სინგაპურელ მამაკაცებს კანონის ძალით აეკრძალათ ჰიპებისათვის დამახასიათებელი გრძელი თმის ტარება. მათ, ვინც კანონს დაარღვევდა, ან ჯარიმით სჯიდნენ, ან კიდევ ძალადობრივი მეთოდით კრეჭდნენ საჯაროდ, დამამცირებლად თმებს. გარდა ამისა, გრძელთმიან სინგაპურელებს სახელმწიფო დაწესებულებებში უკანასკნელთ უწევდნენ მომსახურებას. იმ უცხოელებისაგან კი, რომლებიც ჰიპების მსგავსად გრძელ თმას ატარებდნენ, სინგაპურის ხელისუფლებამ მოითხოვა ან თმები დაემოკლებინათ, ან ქვეყანა დაეტოვებინათ. სწორედ რომ, სინგაპურის ხელისუფლების მიერ ჰიპების სუბკულტურასთან წარმოებულმა სადამსჯელო ღონისძიებებმა აიძულა საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული მუსიკალური ჯგუფები – „Led Zeppelin” და „Bee Gees” დაგეგმილი საკონცერტო ტურნეები გაეუქმებინათ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ გლობალურ ქალაქ-სახელმწიფოში.
P.S. ჰიპების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა სინგაპურში – 1990-იან წლებში იქნა დასრულებული. – (ავტორი გენია.ჯი)