რეზო ამაშუკელი – „მე ბოლნისის ლომებს ვთლიდი”
მიწა მაქვს და
მიწა მქონდა –
დარი მახვილ ხოხბის ფრთისა,
მოყვრის მსასოებელი და
დამზაფვრელი მოშურნისა!
მაღლივ ღმერთი არ მაკლებდა
შუბლზე მირონცხებულ ნიშას.
მე ბოლნისის ლომებს ვთლიდი
სულს ჩემივე ჩუქურთმისას,
ვაზის ჯვარზე
სხივს ვახვევდი
კაბადუკიელის თმისას,
საწნახელში ბიჭი იდგა
ვადას ჩაფრენილი ხმლისას
აკვნიდან რომ არ ენახა
მშვიდად დაღამება დღისა.
იქით ვეშაპს ხმალს ვუქნევდი,
აქეთ დიდოს,
ლეკს და ხიზანს,
წიგნიც დაწვეს,
ვაზიც ჩეხეს,
მაინც ვერ ეწიენ მიზანს!
ზოგჯერ ჩემგან ჯვარწერილი
მეზობელიც ამემრიზა,
- შინაურმა თუ არ დამკლა,
მე მომხვდური ვერას მიზამს!
მე ჩემი მაქვს მოსავლელი
თვალი არ გამირბის სხვისას,
წვეთ-წვეთად და
მისხალ-მისხალ
მიწა მეფე თამარისა!
ვინც შეირგებს ჩემს ზედაშეს, -
ჩოხას მივუბოძებ ძმისას,
ვინც არა და
ნუ მიიჩნევს
თავს ამ ცა-ფირუზის ღირსად!
აღარც ხონთქრის მეშინია,
არც შაჰის და ყაენისა,
ხატზე ბევრჯერ გადავეცი
ვინც მამული გაასხვისა!
ჩუმად ვიჩნევ მოძმის ტკივილს,
იმის სიხარულს და ჭირსა
და მწამს ჩემი ბედისწერის,
აწმყოსი და მომავლისა!
აღორძინებულო მზვარევ,
მხარევ, გაბადრული მზისა,
ილოცვიდე დედა-ენას,
ჩინს საკუთარ თვალებისას,
ზეპირობდე
რვალზე წერილს
სამუდამო პარაკლისად: -
- „მე ვარ ავი მუსაიფი
კახთ ბატონი ირაკლისა!”