ანა იოანეს ასული – „ეპიზოდი”
რუსეთის იმპერიის მონარქთა შორის რამდენიმე მათგანი ერთობ შეუხედავი და, შეიძლება ითქვას, მახინჯი გარეგნობითაც კი გამოირჩეოდა. ასეთ პერსონებს წარმოადგენდნენ როგორც მამაკაცი მონარქები, ასევე მანდილოსნებიც. მაგალითად: პავლე I, ვასილი IV და პეტრე პირველის მეუღლე – ეკატერინე I. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ამათგან ყველაზე „გამორჩეული” მაინც სრულიად რუსეთის მე-4 იმპერატრიცა – ანა იოანეს ასული რომანოვა (1693-1740 წლები) ყოფილა. მის შესახებ ამბობდნენ, რომ იგი ბავშვობის პერიოდშიც კი არ გამოირჩეოდა ლამაზი გარეგნობითო. ანას თანამედროვეთა გადმოცემით, იმპერატრიცა, ვისი არასასიამოვნო სახის ნაკვთებიც მამაკაცურს უფრო ჩამოჰგავდა, ვიდრე ქალურს, იმდენად უშნოდ მაღალი ყოფილა, რომ თავის კავალერებს ყოველთვის ზემოდან დასცქეროდა. გარდა ამისა, იოანეს ასული ეკატერინე I-ის მსგავსად, ერთობ მსუქანიც გახლდათ. და რადგანაც ამ მძიმეწონოსანმა და შეუხედავმა ქალმა შესანიშნავად უწყოდა თავისი ფიზიკური ნაკლოვანებები, ყოველმხრივ ცდილობდა ამის კომპენსირებას ძალიან მდიდრული ტანისამოსით. მის გარდერობში არსებული თითოეული უძვირფასესი კაბით მთელი რუსული გუბერნიების შეძენაც კი გახლდათ შესაძლებელიო, ხაზს უსვამდნენ რუსი ისტორიკოსები. – (ავტორი გენია.ჯი)