ლუიშ დე კამოენსი – „ეპიზოდი”
პორტუგალიური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი – ლუიშ დე კამოენსი (დაახლოებით 1524-1580 წლები), სიცოცხლის ჟამს არავის დაუფასებია სათანადოდ. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა, იგი ავანტიურისტადაც კი შერაცხეს და გენიალური თანამემამულის, მიგელ დე სერვანტეს საავედრას მსგავსად, ცილდაწამებული უბადრუკმა პროვინციელმა მოხელეებმა წლობით გამოკეტეს დილეგში. დილეგში, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა უბრალო ორმოსაგან.
მიუხედავად სიდუხჭირისა, კამოენსს მაინც არ დაუკარგავს თავმოყვარეობა და არასოდეს არ ქცეულა პორტუგალიის სამეფო კარის მლიქვნელ კარისკაცად. ამ დროს კი, მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც იგი პორტუგალიის მეფის – ჟუან III ავისის სამეფო კარის პოეტად გახლდათ წოდებული. თუმცა იგი დედოფლისაგან იქნა შერისხული. ყველაზე მეტად ლუიში მაშინ ღიზიანდებოდა, როცა ლექსის წაკითხვის პროცესში ვინმე ხელს შეუშლიდა. ასეთ შემთხვევაში „ლუზიადების” ავტორი წყობილებიდან გამოდიოდაო, შენიშნავდნენ მისი თანამედროვეები. თავგადასავლების მოყვარულმა და მაძიებელმა პოეტმა სეუტის ბრძოლაში მარჯვენა თვალი დაკარგა. სამშობლოში დაბრუნებული ხშირად ტეხდა ხოლმე დებოშებს ტავერნებსა და ქუჩებში, რის გამოც ერთი წლის განმავლობაში ციხის საკანი ახეხინეს. მას შემდეგ, რაც განთავისუფლდა, კამოენსი გოაში გაემგზავრა ხომალდით, თუმცა მისდა საუბედუროდ, გემმა ღია ზღვაში კატასტროფა განიცადა, რასაც პოეტის ერთგული მეგობარი ქალის – დინამენეს დაღუპვა მოჰყვა თან. თავად ლუიში საზღვაო კატასტროფას გადაურჩა. დაღუპვას საბედნიეროდ ასევე გადაურჩა მის მიერ დაწერილი გასაოცარი ეპოპეა – „ლუზიადები”, რომლის ხელნაწერიც პოეტმა ცურვით გაიტანა ნაპირზე.
ბოლო სამი წლის განმავლობაში კამოენსი უკიდურესად დაბალი პენსიით ირჩენდა თავს. ცნობილია ისიც, რომ მუდამ გასაჭირში მყოფი გენიოსისათვის ლუკმა-პურს კამოენსის იაველი მსახური ლისაბონის ქუჩებში მოწყალების შეგროვებით შულობდა. საბოლოო ჯამში, ყველასაგან მიტოვებული და იგნორირებული, ჯანმრთელობაშელახული ლუიშის სიცოცხლე, სიცოცხლე ამ უდიდესი პორტუგალიელი ლიტერატორისა – ღარიბთა საავადმყოფოში დასრულდა. ბედის ირონიით, სწორედ იმ წელს (1580 წელი) დაკარგა პორტუგალიამ დამოუკიდებლობა და იგი ესპანეთის ბატონობის ქვეშ მოექცა. ამიტომაც წერდა მომაკვდავი პოეტი თავის უკანასკნელ წერილში – „მე ვკვდები არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ სამშობლოსთან ერთადო”.
ლუიშ დე კამოენსი – ეს უსახელო გმირი, იმ ეპოქის სხვა უამრავ დიდ წარმომადგენელთა მსგავსად, ქეციანი ძაღლივით მიაბარეს მშობლიურ მიწას. – (ავტორი გენია.ჯი)