ანატოლი პაპანოვი – „ეპიზოდი”

საბჭოთა კინოსა და თეატრის ერთ-ერთი ლეგენდა - ანატოლი პაპანოვი (1922-1987 წლები), ვინაც კოლეგა ქალბატონზე – ნადეჟდა კარატაევზე იყო დაქორწინებული, ალკოჰოლური სასმელების ხშირ მოხმარებას ახალგაზრდულ ასაკში დაეჩვია. თავის მხრივ, იგი ამ მანკიერ თვისებას უსამართლობის განცდითა და ღრმა დეპრესიით ხსნიდა (ამართლებდა). (ავტორი გენია.ჯი) პაპანოვის ალკოჰოლიზმს ერთობ ნეგატიურად ხვდებოდა მისი მეუღლე. შედეგად, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტებმაც იმატა. იყო შემთხვევა, როდესაც ანატოლი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარდა. როგორც შემდგომში გაირკვა, პაპანოვმა თავის კოლეგასთან – ევგენი ვესნიკოვთან ერთად მეგობარი გააცილა ლენინგრადში. სანამ მატარებელი დაიძვრებოდა, „შესანიშნავმა სამეულმა” სმა ვაგონის რესტორანში დაიწყო. შეზარხოშებულებს მატარებლის დაძვრისათვის ყურადღება უკვე აღარ მიუქცევიათ, რის გამოც რამდენიმე ხანში ლენინგრადში ამოყვეს თავი. პაპანოვი და მისი თანამეინახე იმავე ვაგონ-რესტორნით (რაღა თქმა უნდა, ისევ სმის გაგრძელებით) დაბრუნდნენ მოსკოვში.

ანატოლის ალკოჰოლიზზმა იმდენად დაძაბა ოჯახში ურთიერთობა, რომ მან საკუთარი სისხლითაც კი დაწერა ფურცელზე ფიცი, სადაც ირწმუნებოდა, რომ აღარასოდეს მოიხმარდა სპირტიან სასმელებს. ოჯახისდა სამწუხაროდ, პაპანოვმა ფიცი მალევე დაარღვია…

სიმთვრალეს როგორც წესი, ხშირად დებოში ახლდა თან, რის გამოც ერთხელ მსახიობი სამართალდამცველებმა დააკავეს. ხულიგნობისათვის დაპატიმრებულ ანატოლის სასჯელად – 15 დღე მიუსაჯეს. იმ პერიოდში იგი კინოფილმის გადაღებებში იღებდა მონაწილეობას. აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული იქნა ციხის ადმინისტრაციის მიერ. შედეგად, რუსეთის სახალხო არტისტი ციხის ბადრაგს დილით გადასაღებ მოედანზე მიჰყავდა, საღამოს კი კვლავაც ციხის საკანში აბრუნებდა. და ასე გრძელდებოდა მთელი 15 დღის განმავლობაში… თავისუფალ დროს კი, გარდა ამისა, მოსკოვის ქუჩებსაც ახვეტინებდნენ იმ ხნის განმავლობაში.

მომხდარა ისეც, რომ მთვრალი პაპანოვი ცოლს გაუგდია სახლიდან. ასეთ შემთხვევაში იგი ღამეს მშობლების სახლში ათევდა. თუმცა ჩხუბსა და დავი-დარაბას მსახიობი ვერც იქ სცდებოდა. ნადეჟდას მსგავსად, ალკოჰოლიკ ვაჟს მშობლებიც ეჩხუბებოდნენ.

ოჯახი ოჯახად და, ანატოლის სპირტიანი სასმელებისადმი განსაკუთრებული ლტოლვა თეატრსა და კინოშიც გახდა განსჯის საგანი. მას კომუნისტურ პარტიაშიც შეთავაზეს ამის გამო გაწევრიანება (ვარაუდობდნენ რომ, პარტიულ პაპანოვში პასუხისმგებლობის გრძნობა გაიღვიძებდა). შეთავაზებულ წინადადებაზე ანტოლიმ უარი თქვა. „მთვრალმა ეგებ სადმე პარტბილეთი დავკარგოო”, – განაცხადა მან.

თუმცა დადგა დღე, როდესაც მან საკუთარ თავს ერთხელ და სამუდამოდ მოერია. 1973 წელს ანატოლის დედა გარდაეცვალა. სწორედ იმ ტრაგიკულ დღეს თქვა უარი სპირტიანი სასმელი მიღებაზე. „მე ჩემი უკვე დავლიეო”, – უთქვამს მაშინ დიდ არტისტს. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ცნობისათვის, ანატოლი პაპანოვს მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორებიცაა – „გაუფრთხილდი ავტომობილს”, „ბრილიანტის ხელი”, „თორმეტი სკამი”, „ადამიანი არსაიდან” და „დედა, მე ცოცხალი ვარ”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>