მარკუს ულპიუს ტრაიანეს შესახებ…
რომის სენატის მიერ „საუკეთესო მმართველად” წოდებული - მარკუს ულპიუს ტრაიანე (53-117 წლები) პირველი იმპერატორი გახლდათ რომისა, ვინაც პროვინციიდან გახლდათ გამოსული. (ავტორი გენია.ჯი) თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე ოდესღაც არსებულ ძველ რომაულ პროვინციაში – ბეტიკაში დაბადებულმა კაცმა თავისი მმართველობის ჟამს დაიპყრო დაკია, არაბეთი, სომხეთი და მესოპოტამია. სამხედრო ნადავლმა, რომელიც ამ ქვეყნების დალაშქვრისას იქნა მოპოვებული, იმდენად კოლოსალურად გაამდიდრა სახელმწიფო ხაზინა, რომ მას ათწლეულების განმავლობაში შეეძლო იმპერიის მოქალაქეების სრული სოციალური უზრუნველყოფა. გარდა ამისა, აღნიშნულმა გარემოებამ უკიდურესად დასცა ბაზარზე მონების ფასიც.
რომის იმპერიის ბიუჯეტის სათანადო დონეზე შევსებამ რომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მშენებლობების დაწყებას ჩაუყარა საფუძველი (ერთ-ერთი შედევრი მაშინდელი ნაგებობისა საბედნიეროდ დღემდეა შემორჩენილი – „ტრაიანეს სვეტი”).
თუმცა, მადლიერი ხალხი ტრაიანეს მარტო ამ დამსახურებებისთვის არ სცემდა პატივს. დიდი რომაელი ისტორიკოსი – კასიუს დიონ კოქცეიანუსი გვამცნობს, რომ რომაელები თავიანთ უპრეტენზიო იმპერატორში ასევე აფასებდნენ სამართლიანობისადმი სწრაფვასაც. ყოველგვარი შურიანობის გრძნობას მოკლებულ მარკუსს ერთი კაცი არ დაუსჯია უსამართლოდ თავისი მმართველობის ჟამს; პატივს მიაგებდა ღირსეულთ და ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას; არავისი შიში არ გააჩნდა, რადგან თვითონ არავინ სძულდა. „ტრაიანე თავისი რისხვის მონა არასოდეს ყოფილაო”, – ხაზს უსვავდნენ მისი თანამედროვეები; მეგობრობდა და პატივს სცემდა თავის ხალხს, ვის მიმართაც ყოველთვის გამოხატავდა საკუთარ კეთილგანწყობას.
კასიუსის მსგავსად, ტრაიანეს ხოტბას ასხამდა სხვა ძველ რომაელი ისტორიკოსი – ვიქტორ სექტუს ავრელიუსიც. მისი მტკიცებით, მარკუსი სულგრძელობით, გულწრფელობითა და მეგობრებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეული პიროვნება იყო. მას შემდეგ, რაც იმპერატორის ტახტი დაუკავებია, ტრაიანეს თავისთან უხმია მისი უახლოესი მეგობარი, პრეფექტი – სუბურანი, ვისთვისაც ხმალი საჩუქრად ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვის თანხლებით გადაუცია: „ – ამ ხმლით მაშინ დამიცავი, როცა სამართლიანად ვიმოქმედებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირიქით, ჩემს წინააღმდეგ შემართე იგიო”.
ნათქვამია: „მას, ვინც სხვებს მართავს, მცირეოდენი შეცდომის დაშვების უფლებაც კი არ აქვსო”. – სწორედ რომ ამ პრინციპის სრული დაცვით განვლო თავისი შეგნებული და ღირსეული ცხოვრება რომის სენატის მიერ „საუკეთესო მმართველად” წოდებულმა – ტრაიანემ. – (ავტორი გენია.ჯი)