ჯორჯ ორუელი – „ეპიზოდი”
გენიალური ინგლისელი ლიტერატორის – ჯორჯ ორუელის ფილტვებში ტუბერკულიოზმა პროგრესირება 1940 წელს დაიწყო. დროთა განმავლობაში ეს ავადსახსენებელი დაავადება მწერალს იმდენად გაურთულდა, რომ მისი სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) იმავე პერიოდში, კერძოდ კი – 1946 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიკოსების მიერ მოხმარებაში ჩაშვებული იქნა ანტიბიოტიკი – „სტრეპტომიცინი”, რომლის ფუნქციაც სწორედ რომ ტუბერკულიოზისგან განსაკურნება გახლდათ. თუმცა ეს პრეპარატი დიდ ბრიტანეთში მაშინ არსად მოიპოვებოდა. მიუხედავად ამისა, სახელოვანმა მწერალმა თავისი დიდი ავტორიტეტის გამოყენებით 1948 წელს მაინც მოახერხა ამ იშვიათი ანტიბიოტიკის ხელში ჩაგდება. შედეგად, ორუელი უმალვე შეუდგა მკურნალობის კურსს. თუმცა, მკურნალობის პროცესში გაირკვა, რომ „სტრეპტომიცინი” ჯორჯის ორგანიზმში საშინელ ალერგიას იწვევდა: ლიტერატორს მთელი სხეული დაეფარა წყლულებით და დაეწყო თმის ცვენა. გარდა ამისა, გამოუვლინდა სხვა უსიამოვნო სიმპტომებიც.
ბრიტანელი მედიკოსები, რომლებსაც მანამდე არანაირი შეხება არ ჰქონიათ „სტრეპტომიცინთან”, უძლურები აღმოჩნდნენ რაიმე ეღონათ. თავად ორუელი კი იმდენად გადაღალა და გაამწარა შექმნილმა მდგომარეობამ, რომ უარი თქვა მკურნალობის კურსის გაგრძელებაზე. ის დარჩენილი პრეპარატები, რომლებიც არ მოუხმარია, მწერალმა ტუბერკულიოზით დაავადებულ სხვა ორ ადამიანს აჩუქა. რომლებმაც თავის მხრივ, სიცოცხლე შეინარჩუნეს მათი წყალობით. სამწუხაროდ, სიცოცხლე ვერ შეინარჩუნა ჯორჯმა, რომელიც ამ საშინელ სენს ემსხვერპლა 1950 წლის 21 იანვარს. – (ავტორი გენია.ჯი)