სირო ბუსტოსი – „ეპიზოდი”
„იუდა”, „მოღალატე”, „გამყიდველი” – ასეთი ამაზრზენი ზედსახელებით მოიხსენია თავის დროზე უამრავმა ჟურნალ-გაზეთმა ხალხში ეგზომ პოპულარული არგენტინელი მარქსისტი რევოლუციონერის – ერნესტო ჩე გევარას გამცემი, პროფესიონალი არგენტინელი მხატვარი, რევოლუციონერი და პარტიზანი – სირო ბუსტოსი (1932-2017 წლები). (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად ბუსტოსი სამშობლოში ხატვით იყო დაკავებული. შემდგომ რევოლუციის რომანტიკით მოიხიბლა, რამაც განაპირობა კიდეც მისი ჩართვა ბოლივიაში მებრძოლი ჩე გევარას პარტიზანულ დანაყოფში. მალე ბუსტოსმა მასთან ახლო ურთიერთობა დაამყარა და ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცის წყალობით ბოლივიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის ლეინტენანტიც გახდა.
1967 წლის 20 აპრილს ბუსტოსი ფრანგ მემარცხენე ფილოსოფოსთან – რეჟის დებრესა და ინგლისელ – ჯორჯ როტთან ერთად დააპატიმრა ბოლივიელმა ჯარისკაცებმა ამერიკის ცენტრალური სადარზვერვო თანამშრომლების თანამონაწილეობით. დაკითხვებისას მან ჩე გევარას პერსონა და მისი ადგილსამყოფელი დეტალებში აღუწერა გამომძიებლებს, რასაც დიდი ლათინოამერიკელი რევოლუციონერის დაკავება და შემდგომ დახვრეტა მოჰყვა თან. რევოლუციონერისა, რომელსაც ცნობილმა სამხედრო ინსტრუქტორმა – ალბერტო ბაიომ - „ყველა დროის საუკეთესო პარტიზანი” უწოდა ოდესღაც.
მას შემდეგ, რაც ჩე გევარას გამცემმა ბუსტოსმა შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, იგი შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქში – მამეში გადავიდა საცხოვრებლად. თავისი ცხოვრების უკანასკნელი ოცდაათი წელიწადი „იუდად” წოდებულმა სირომ იმავე ქალაქში გაატარა და იქვე ჰპოვა სიცოცხლის აღსასრულიც. მიუხედავად ემიგრაციაში წასვლისა, მისი ცხოვრება მაინც ჯოჯოხეთურ წამებად იყო ქცეული, რადგან ყველამ კარგად უწყოდა, როგორ გაწირა თავის დროზე მეგობრად ქცეული მეთაური – „ჩე”. აქვე საყურადღებოა ის გარემოება, რის გამოც ბუსტოსმა ვერა და ვერ შეისწავლა ოცდაათი წლის განმავლობაში შვედური ენა. მას შვედეთში მაცხოვრებელი ყველა ლათინოამერიკელი ემიგრანტი გაურბოდა გასაგები მიზეზების გამოისობით. გარდა ემიგრანტებისა, მასთან კონტაქტში შესვლას ერიდებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც. შედეგად, ყველასაგან იგნორირებულ და განკვეთილ ბუსტოსს ერთადერთი ისღა დარჩენოდა, ძველი პროფესიისათვის, სახვითი ხელოვნებისათვის შეეფარებინა თავი. – (ავტორი გენია.ჯი)