ევარისტ გალუა – „მეცნიერება და შემთხვევითობა”
„მეცნიერების განვითარება პირდაპირი გზით როდი მიდის. მეცნიერება ფანტასტიკური გზებით მიიწევს წინ, და მის ამ წინსვლაში დიდ როლს თამაშობს შემთხვევითობა. მეცნიერება ეწევა პრიმიტიულ, უხეშ და უწესრიგო ცხოვრებას. ეს დამახასიათებელია არა მარტო მთლიანად აღებული მეცნიერებისათვის, არამედ აგრეთვე ცალკეულ გამოკვლევათათვისაც. შემოქმედებისას მეცნიერი ახლის აღმოჩენამდე ლოგიკური დასკვნების გზით კი არ მიდის, არამედ ერთმანეთს უხამებს, უდარებს მათ. იგი კი არ მიდის ჭეშმარიტებასთან, არამედ როგორღაც შემთხვევით აწყდება მას.
ყოველი ეპოქისათვის დამახასიათებელია გარკვეული პრობლემები. ამ პრობლემებით არიან დაკავებულნი საუკეთესო მოაზროვნენი. ხდება ხოლმე, რომ თითქოს რაღაც ზეშთაგონების ძალით ერთსა და იმავე აზრს ერთდროულად გამოსთქვამს რამდენიმე მეცნიერი. თუ ამ უცნაური მოვლენის მიზეზების გამორკვევას შევეცდებით, მივალთ სხვა, უფრო ადრინდელი მეცნიერების შრომებამდე. მათში ჩვენ ვიპოვით ახალ აღმოჩენათა წყაროებს, მაშინაც კი, თუ თვითონ ეს ჭეშმარიტებანი იმ დროისათვის უცნობნი იყვნენ.
იდეების ასეთი თანხვედრით, იდეებისა, რომლებიც ერთდროულად აღმოცენდებიან ხოლმე სხვადასხვა მეცნიერთა გონებაში, მეცნიერება მაინცდამაინც მოგებული არ რჩება. ძირითადში, მისი ნაყოფი მხოლოდ ულმობელ შეჯიბრს, დამამცირებელ მეტოქეობას წარმოადგენს. ამრიგად, შეიძლება მივიდეთ სამართლიან დასკვნამდე, რომ მეცნიერები, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ადამიანებიც, სრულიადაც არ არიან შექმნილნი განმარტოებით განზე დგომისათვის, არამედ მჭიდროდ დაკავშირებულნი არიან თავის ეპოქასთან. გაერთიანების შემთხვევაში ისინი შესძლებდნენ კიდევ უფრო გაემრავლებინათ თავიანთი მიღწევები და ათმაგად უფრო დაეჩქარებინათ მეცნიერების განვითარება”.