ჰიტლერი, ბლონდი და ვოლფი – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა. მოკავშირეთა არმიები ბერლინს უტევდნენ. ამ დროს კი ერთ დროს ყოვლისშემძლე რაიხსკანცლერი – ადოლფ ჰიტლერი – „ფიურერბუნკერს” აფარებდა თავს. მას შემდეგ, რაც იგი იძულებული გახდა საცხოვრებლად მიწისქვეშა კომპლექსში გადასულიყო, ევა ბრაუნთან ერთად ბუნკერში თან იახლა მისთვის ორი უსაყვარლესი ძაღლი, გერმანული ნაგაზები, სახელად – „ბლონდი” და „ვოლფი”. (ავტორი გენია.ჯი) აქვე შევნიშნავ იმასაც, რომ „ვოლფი” „ბლონდის” ლეკვს წარმოადგენდა. ალბერტ შპეერის გადმოცემით, ჰიტლერი, ვინაც გაცილებით დიდ პატივს სცემდა ბლონდის, ვიდრე თავის გენერლებს, ერთობ მკაცრი წესით წვრთნიდა მას. მიუხედავად განუზომელი სიყვარულისა, შპეერისავე მტკიცებით, წვრთნის პროცესში ადოლფი ხშირად სცემდა თავის საყვარელ არსებას. შედეგად, ბლონდი პატრონის სრულ მორჩილებას დაეჩვია.
ფიურერბუნკერში, სადაც მხოლოდ ერთი აბაზანა იყო განთავსებული, ბლონდსა და ვოლფს პერსონალური ოთახები გამაუყვეს. ბლონდის მსგავსად ვოლფი განსაკუთრებით უყვარდა ჰიტლერს. იგი იმდენად პრივილიგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ადოლფი უფლებას აძლევდა მასთან ერთად დასწრებოდა ამა თუ იმ შეკრებასა და წვეულებას. ამიტომაც არ იწვევს გაკვირვებას ის, რომ ფიურერმა იგი ბლონდისთან ერთად იახლა ბუნკერში.
იქამდე, ვიდრე ჰიტლერი სუიციდით დაასრულებდა სიცოცხლეს, მისი ბრძანებით, ციანიდის კალიუმი გამოსცადეს როგორც ბლონდიზე, ისე ვოლფზე. საწამლავმა ბლონდი უმალვე იმსხვერპლა, ვოლფი კი ხანგრძლივ და საშინელ ტანჯვას მიეცა. იმისათვის, რომ მომაკვდავი ძაღლისათვის ტანჯვა შეემსუბუქებინა, გერმანული ვერმახტის ოფიცერმა და მისმა მომვლელმა, გვარად – ტორნოვმა, იგი იარაღით განგმირა.
ის რომ, ფიურერბუნკერში ჰიტლერისათვის იმ ავადსახსენებელ დღეს ორი გერმანული ნაგაზი იქნა მოკლული, რუსი სამხედრო მწერალი – სერგეი კრიომლოვიც ადასტურებს თავის წიგნში, სახელწოდებით – „უხერხული სიმართლე რაიხსტაგის აღების შესახებ. ძიება, კვლევა და რეკონსტრუქცია”. ბლონდისა და ვოლფის ნეშტები ადოლფ ჰიტლერისა და ევა ბრაუნის დამწვარ ცხედრებთან ერთად იქნა აღმოჩენილი მოკავშირეების მიერ. აღნიშნული გარემოების გამო, ბლონდისა და ვოლფს ჰიტლერის უკანასკნელ მსხვერპლად მოიხსენიებენ.
P.S. ცნობისათვის, ბლონდიმ ბუნკერში ბინადრობის პერიოდში კიდევ შვა ხუთი ლეკვი, თუმცა მათი ასავალ-დასავალის შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი. – (ავტორი გენია.ჯი)