ჯეიმზ ფენიმორ კუპერი – „ეპიზოდი”
ევროპაში 7 წლიანი ვოიაჟის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა დიდმა ამერიკელმა მწერალმა – ჯეიმზ ფენიმორ კუპერმა (1789-1851 წლები) აღმოაჩინა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრი რამ იყო შეცვლილი. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც მან 1826 წელს ქვეყანა დატოვა, აშშ-ი ერთადერთი პოლიტიკური პარტია ფუნქციონირებდა – „რესპუბლიკური პარტია”, სამშობლოში დაბრუნებულს კი „ვიგების ოლიგარქიული პარტიაც” დახვდა დაარსებული. აღნიშნული პარტიის პოლიტიკური და ეკონომიკური იდეები იმთავითვე არ მოეწონა ლიტერატორს, რაც საჯაროდაც დააფიქსირა. იმ პერიოდის ამერიკაში პრესა ერთობ პოლიტიზირებული გახლდათ, რის გამოც ვიგების გავლენიანი პოლიტიკური პარტიის დაქვემდებარებაში მყოფმა ჟურნალ-გაზეთებმა საშინელი რისხვა და კრიტიკა დაატეხეს სახელოვან თანამემამულეს თავზე. დროთა განმავლობაში წნეხი მასზე კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ პოლიტიკოსების მსგავსად, ხალხის დიდმა ნაწილმაც შეიძულა პრესის გავლენით კუპერი. მიუხედავად ამისა, ჯეიმზს საკუთარი მსოფლმხედველობა მაინც არ უარყვია და კვლავაც ძველებურად აკრიტიკებდა ვიგებს. შედეგად, კუპერის მიერ დაწერილი ახალი ლიტერატურული ქმნილებების შესახებ პრესა არანაირ ინფორმაციას არ იძლეოდა. გარდა პრესისა, კუპერის კრიტიკით გამოირჩა ამერიკული ლიტერატურის „მამად” წოდებული – მარკ ტვენიც. როდესაც მას კუპერის შემოქმედების შესახებ დაუსვამდნენ ხოლმე შეკითხვას, იგი ცინიკურად იმეორებდა ერთსა და იმავეს – „კუპერი? არ გამაცინოთ, ახლა!”
მშობელი ხალხის გულცივმა და მტრულმა დამოკიდებულებამ ჯეიმზი ამერიკელების მიმართ ერთობ გააბოროტა. თავის მხრივ, არც თანამემამულეები პატიობდნენ მას თავისი ქვეყნის „მიტოვებასა” და ევროპაში „გაქცევას”. ლიტერატორისა და ამერიკელი ხალხის ასეთი საშინელი ურთიერთდამოკიდებულება მწერლის აღსასრულამდე გრძელდებოდა (იგი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა). მიუხედავად ყოველივე ამისა, ერთხელ მას საჯაროდ სიტყვით გამოსვლა მაინც შესთავაზეს, რაზედაც კუპერმა უარი შემდეგი წინადადებით განაცხადა: „არაფერი მსურს გავაკეთო ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ გარდა იმისა, რასაც კანონი ოფიციალურად მოითხოვს ჩემგან – ეს არის, გადასახადების გადახდა”.