ფრანსუა რაბლეს შესახებ…
რენესანსის ეპოქაში მოღვაწე გენიალური ფრანგი მწერალი-ჰუმანისტი – ფრანსუა რაბლე (1494-1553 წლები), ვინაც მიიჩნევდა, რომ ცხოვრების უმაღლესი მიზანი ადამიანისთვის სხვათათვის სარგებლობის მოტანა იყო, „მედიცინის ლეონარდო და ვინჩიდ” იწოდებოდა თავის დროზე. (ავტორი გენია.ჯი) უკვდავი ლიტერატურული ნაწარმოების – „გარგანტუა და პანტაგრუელი”-ს ავტორი 17 წლის ასაკში ევროპის ერთ-ერთ უძველეს – მონპელიეს უნივერსიტეტში ჩაირიცხა სამედიცინო ფაკულტეტზე. იმავე პერიოდში მონპელიეს უნივერსიტეტში სწავლობდა „ნოსტრადამუსად” წოდებული დიდი ფრანგი წინასწარმეტყველი – მიშელ დე ნოტრდამი, რაც იძლევა იმის დიდ საფუძველს, რომ რაბლე და ნოსტრადამუსი ერთმანეთს იცნობდნენ.
მას შემდეგ, რაც ფრანსუა ბაკალავრი გახდა 1532 წელს, იგი ლიონში გაემგზავრა, სადაც ერთობ აქტიურად დაკავდა სამედიცინო პრაქტიკით. ცნობისათვის, სწორედ ლიონში გამოაქვეყნა მან თავიში შედევრი ლიტერატურული ქმნილების „გარგანტუა და პანტაგრეული”-ს მეორე ნაწილი, რომელიც სატირული შინაარსის გამო კათოლიკური ეკლესიის მიერ მომენტალურად იქნა აკრძალული. ლიტერატურა ლიტერატურად და, რაბლე შესანიშნავი, ნიჭიერი მედიკოსიც გამოდგა. ამიტომაც აირჩია იგი გავლენიანმა კარდინალმა – ჟან დიუ ბელემ პირად ექიმად.
დღემდე მიჩნეულია, რომ ეგრეთ წოდებული „ანატომიური თეატრის” ფუძემდებელი ფრანსუა რაბლე გახლავთ. ამას ისიც ადასტურებს, რომ ის იყო პირველი პიროვნება, რომელმაც აკადემიური მიზნებით ცხედრების გაკვეთა დაიწყო თავის ლექციებზე. გარდა „ანატომიური თეატრისა”, გენიალური ფრანგი ლიტერატორი და მედიკოსი ასევე მიჩნეულია „ფსიქოთერაპიის” ფუძემდებლადაც. ფრანსუას სახელთან ამავე დროს ასოცირდება ისეთი სამედიცინო ტერმინების დამკვიდრება, როგორებიცაა – „ანგინა”, „თერაპია”, „ეპიდერმისი” და სხვა. მანვე გამოიგონა რამდენიმე ქირურგიული ინსტრუმენტიც.
ფრანსუა, რომელმაც უდიდესი წვლილი დაიდო ვენერიული დაავადებების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში, თავის პაციენტებს ფსიქოლოგიური მეთოდებით კურნავდა. იგი მიიჩნევდა, რომ სიცილი სიცოცხლის გახანგრძლივების საუკეთესო საშუალება იყო, ხოლო ექიმის უცილობელ მოვალეობას წარმოადგენდა მაქსიმალური ოპტიმიზმი ჩაენერგა პაციენტისთვის. იმისათვის რომ, ვენერიული დაავადებებით დასნეულებულ პაციენტებს თავიანთი ტანჯვა-წამებისაგან ყურადღება როგორმე გადაეტანათ, რაბლე მათ ურჩევდა თავისი ლიტერატურული ქმნილების „გარგანტუა და პანტაგრუელი”-ს წაკითხვას.
70 წლის ასაკში მყოფი ფრანსუა რაბლე – 1553 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა პარიზში. იგი დაკრძალული იქნა პარიზში განთავსებულ წმინდა პავლეს ეკლესიის სასაფლაოზე. – (ავტორი გენია.ჯი)