ვაჟა-ფშაველა – „ჩემის კაცობის გვირგვინო”
ჩემის კაცობის გვირგვინო,
ჩემო სამშობლო მხარეო!
შენგან ნაშობი ოცნება
გულს ლახვრად გავიყარეო.
არ მიმეფარო თვალთაგან,
დამიცევ, დამიფარეო,
ბევრი ვაება ვიხილე,
ბევრი დღე ვნახე მწარეო.
მზის სხივებივით ბრწინავენ,
რაც მე ცრემლები ვღვარეო,
ის მოიგონე მაინცა,
ბეჩავო არემარეო!
ჩემს ცრემლს უბეში ინახავ,
განა, სამშობლოს მთვარეო?!
არ მიღალატო, ოცნებავ,
მნახოდი მალიმალეო.
კი არ მიმუხთლო, შემომწყრე,
იარო გარე-გარეო.
თუ ამას იზამ, წინა დღით
საფლავი გამითხარეო.
მოვკვდე, კაცთ ხელი არ მინდა,
ოცნებავ, დაგიბარეო:
მარტო შენ მნახე, გულზედაც
მიწა შენ მომაყარეო.