აფროდიტე კნიდოსელი – „ეპიზოდი”
პირველი სკულპტორი, ვინაც ქალის სხეული შიშველი სახით გამოაქანდაკა, ანტიკურ ხანაში მოღვაწე გენიალური ძველ ბერძენი ხელოვანი – პრაქსიტელე (ძვ.წ.აღ-ით 395-330 წლები) გახლდათ. ამ უდიდეს სკულპტორამდე ტანისამოსის გარეშე მხოლოდ მამრობითი სქესის ღმერთების ფიგურებს ამზადებდნენ მოქანდაკეები.
პრაქსიტელეს კარგად ესმოდა, რომ ქალის სხეულის შიშვლად გამოსახვა ქანდაკებაში სკანდალის გამომწვევი მიზეზი გახდებოდა, თუმცა ცთუნებას ვერა და ვერ უძალიანდებოდა. ერთადერთი, რასაც ელოდებოდა, გახლდათ შემკვეთი, რომელიც მას ქალის სკულპტურას შეუკვეთავდა. ინოვაციურ ფორმულირებას კი შემდგომ თავად შესთავაზებდა მუშტარს. და აი, ერთ მშვენიერ დღეს მას ეგეოსის ზღვაში განთავსებული კუნძულის – კოსის მაცხოვრებლებმა სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთის – აფროდიტეს ქანდაკება შეუკვეთეს.
პრაქსიტელემ აფროდიტეს ქანდაკების ორი ვერსია შექმნა: ერთი ტანისამოსით, ხოლო მეორე – ტანისამოსის გარეშე (ნიუ). ეს უკანასკნელი იმდენად რეალისტურად გამოიყურებოდა, რომ ყველას აღფრთოვანება გამოიწვია გარდა კოსის მაცხოვრებლებისა. შიშველი აფროდიტეს ქანდაკებას მათმა „ცოდვილიანი” უწოდეს, რის გამოც არჩევანი ტანისამოსიანი აფროდიტეს სასარგებლოდ გააკეთეს.
საბედნიეროდ, „ცოდვილიანად” წოდებული ქანდაკებაც არ დაკარგულა უგზო-უკვლოდ. იგი მცირე აზიაში განთავსებული ქალაქის – კნიდოსის მაცხოვრებლებმა შეიძინეს. ამიტომაც ეწოდა მას მოგვიანებით – „აფროდიტე კნიდოსელი”. კნიდოსელებმა იგი ღია ცის ქვეშ განათავსეს თავიანთი სალოცავის სიახლოვეს. მალევე აღნიშნულმა ქმნილებამ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ხალხში. მისთვის რომ თვალი შეევლოთ, ხალხი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩადიოდა კნიდოსში.
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ, რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ, პიედესტალზე შემდგარი აფროდიტეს სკანდალურად ცნობილი მარმარილოს სკულპტურა, რომელსაც ნამდვილი ქალისაგან ვერც კი გამოარჩევდით, ქალაქის ერთ-ერთ სტუმარს – შეუყვარდა. იგი მთელი დღეების განმავლობაში მის სიახლოვეს იმყოფებოდა და დაჟინებულ მზერას არ აშორებდა თავის „სატრფოს”.
ის, რაც დიდმა ძველ ბერძენმა მწერალმა – ლუკიანე სამოსელმა ამის შემდგომ გვამცნო, მართლაც რომ უკიდურესად გამაოგნებელია. კერძოდ, ერთხელ აფროდიტეს ქანდაკებაზე შეყვარებულ ზემოაღნიშნულ მამაკაცს ღამის უკუნი სიბნელით უსარგებლია, პიედესტალზე ამძვრალა და რაოდენ ამორალურიც არ უნდა იყოს, იგი „გაუუპატიურებია”… დილით კი ამ ამაზრზენი მოვლენის ავტორს კლდიდან ზღვაში გადახტომით დაუსრულებია სიცოცხლე. – (ავტორი გენია.ჯი)
პრაქსიტელე