სოფია ძერჟინსკაია – „ეპიზოდი”
საბჭოთა უშიშროების სამსახურის – „ჩეკა”-ს დამაარსებელი და მისი პირველი ხელმძღვანელი – ფელიქს ძერჟინსკი, ვის სინდისზეც გახლდათ ათასობით უდანაშაულო ადამიანის განადგურება, თავის მეუღლეზე, ვარშაველ-ებრაელ ქალზე – სოფია მუშკატზე (1882-1968 წლები) ხუთი წლით უფროსი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად უზრუნველყოფილი ცხოვრებისა, საკუთარი ქმრის მსგავსად იგიც გულანთებული რევოლუციონერი იყო. ამიტომაც არ დაკლებია უამრავი განსაცდელი ცხოვრების გზაზე – ციხე, გადასახლება, გაქცევა…
მას შემდეგ, რაც ფელიქსი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გაერია და ეგზომ საპასუხისმგებლო თანამდებობა დაიკავა, სოფია თავის ერთადერთ ვაჟიშვილთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა 1919 წელს. „რკინის ფელიქსად” წოდებული ქმრის ჩრდილში ყოფნის მიუხედავად, მუშკატმა მაინც დაიგდო სახელი დიდი რევოლუციონერი ქალისა. რასაც ძერჟინსკის ავტორიტეტთან ერთად ხელი შეუწყო მისმა განვლილმა გზამაც.
ფელიქსის გარდაცვალების შემდგომ სოფიამ ორმოც წელიწადზე მეტი იცოცხლა. იგი პოლიტაგიტაციას უწევდა ხელმძღვანელობას პოლონეთის განყოფილებაში. საპატიო პენსიაში გასულს, როგორც „საკავშირო მნიშვნელობის პენსიონერს”, საბჭოთა ხელისუფლებამ უდიდესი პატივი დასდო და მას კრემლში მუდმივად ცხოვრების უფლება მიანიჭა. ასეთი პატივი კი ბევრ სახელოვან რუს რევოლუცინოერსაც არ ღირსებია არასოდეს. შედეგად, „რკინის ფელიქსის” მეუღლეს კრემლში წლების განმავლობაში მოუხდა ცხოვრება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. თუმცა, კრემლში საბოლოოდ დარჩენას მან თავის ვაჟთან ცხოვრება ამჯობინა და, გადავიდა კიდეც მასთან საცხოვრებლად.
სოფია ძერჟინსკაია 85 წლის ასაკში აღესრულა მოსკოვში. საბჭოთა ხელისუფლებამ იგი დიდი პატივით დაკრძალა ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. – (ავტორი გენია.ჯი)
სოფია ძერჟინსკაია ოჯახთან ერთად