ალექსანდრე III – „ეპიზოდი”
რუსეთის იმპერატორი – ალექსანდრე III რომანოვი (1845-1894 წლები) უზარმაზარი ძალით გამორჩეულ პერსონას წარმოადგენდა. ეს „უსაშველო” ძალის მქონე კაცი, რომლის სიმაღლე 193 სანტიმეტრს, ხოლო წონა – 120 კილოგრამს შეადგენდა, თავისუფლად ღუნავდა ხელით არა მხოლოდ ლურსმნებსა და ჩანგლებს, არამედ ცხენის ნალებსაც კი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, მას ძალუძდა მხრებზე მოეგდო და აეწია ისეთი დიდი მასის მქონე შინაური ცხოველი, როგორიც გახლავთ – ზრდასრული ცხენი. თავისი განუზომელი ძალის გამოყენება ყველაზე მეტად ალექსანდრეს 1888 წლის 29 ოქტომბერს მოუხდა. აღნიშნულ დღეს „სამეფო მატარებელმა” ბორკის სადგურთან ახლოს კატასტროფა განიცადა. ვაგონი, რომლითაც იმპერატორი თავის ოჯახთან ერთად მგზავრობდა, ავარიის შედეგად ძალიან დაზარალდა. მისი სახურავი ძლიერი დარტყმის შედეგად ჩამოინგრა. იმისათვის, რომ იმპერატორს თავისი ოჯახი გადაერჩინა, ალექსანდრეს გარკვეული ხნის განმავლობაში რკინის მასიური კონსტრუქციის მქონე ვაგონის უზარმაზარი სახურავი ზურგით ეჭირა. შედეგად, მის ცოლსა და შვილებს საშუალება მიეცათ თავი დაეღწიათ ნაავარიევი ვაგონიდან.
ძალისა და სულის ეს სიძლიერე ალექსანდრეს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა. როგორც შემდგომში გაირკვა, მაშინ როდესაც იმპერატორს საკუთარი ზურგით ეკავა ვაგონის მძიმე სახურავი, მას ზურგის გარდა დაუზიანდა თირკმელები და ხერხემალი. იმ დღიდან მოყოლებული, ალექსანდრეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. იგი ამიერს სულ რაღაც 49 წლის ასაკში გამოეთხოვა, ზემოაღნიშნული ტრაგიკული მოვლენიდან 6 წლის გასვლის შემდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)