დიმიტრი მენდელეევი – „ეპიზოდი”
ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის გენიალური რუსი ავტორი – დიმიტრი მენდელეევი (1834-1907 წლები) ისე აღესრულა, რომ ნობელის პრესტიჟული პრემიის მინიჭებას ვერა და ვერ ეღირსა. (ავტორი გენია.ჯი) არა და ამ დროს, იგი სამჯერ იყო ზედიზედ წარდგენილი 1905, 1906 და 1907 წლებში ეგზომ პოპულარულ პრემიაზე ერთ-ერთ ნომინანტად ქიმიის დარგში. პირველ შემთხვევაში ჯილდო დიდ გერმანელ ქიმიკოს-ორგანიკოსს – ადოლფ ბაიერს ხვდა წილად. მეორე შემთხვევაში ნობელის კომიტეტმა არჩევანი მენდელეევზე კი შეაჩერა, თუმცა ეს გადაწყვეტილება შვედეთის სამეფო აკადემიამ რატომღაც დაბლოკა. ერთი ვერსიის თანახმად, აღნიშნულ გადაწყვეტილებას უშვილძიროდ გადაგებული ალფრედ ნობელის ახლო ნათესავი და მისი ქონების მემკვიდრე – ემანუელ ნობელი ლობირებდა. იგი იმ პერიოდში რუსეთის ყველაზე დიდ სანავთობო კორპორაციას – „ძმები ნობელების ამხანაგობას” ხელმძღვანელობდა.
ცნობილი ფაქტია, რომ მენდელეევი ღიად აკრიტიკებდა ნობელებს და მათ რუსული ნავთობის დატაცებაში სდებდა ბრალს. ამ მიზეზით, სავარაუდოდ, დაბლოკილი იქნა კიდეც ემანუელ ნობელის გავლენების შედეგად მენდელეევის კანდიდატურა ნობელის პრემიის მინიჭებაზე.
მესამე შემთხვევაში, 1907 წელს ნობელის კომიტეტმა მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, ამჯერად მაინც ექცია „ნობელიანტად” ამაგდარი ქიმიკოსი. მენდელეევისდა საუბედუროდ, მას არც მაშინ ერგო ჯილდო, რადგან სანამ მას ნობელის პრემიას ოფიციალურად მიანიჭებდნენ, მანამ გამოეთხოვა წუთისოფელს 1907 წლის იანვრის თვეში. ნობელის კომიტეტის შიდაგანაწესის თანახმად კი, როგორც ცნობილია, ჯილდო მხოლოდ ცოცხალ ადამიანებს გადაეცემათ. – (ავტორი გენია.ჯი)