ოთარ ჭილაძე – „დედაა, რასაც პირველად ნახავ”

დედაა, რასაც პირველად ნახავ.

მამით იწყება გზებზე ფიქრები.

მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს

იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.

* * *

ბავშვობა გადის და უცებ გადის.

ჩვენც გვიხარია, რომ უცებ გადის.

აღარ ჩანს დღემდე, რაც ნათლად ჩანდა,

ქრება უხილავ მეტოქის ლანდიც.

* * *

ვერც ჩვენ ვახერხებთ იმ განძის პოვნას,

ვერც ჩვენ ვნახულობთ იმ საშიშ სოროს,

რომელიც დიდხანს მოჰყვება ხსოვნას

და ბავშვობაში არსებობს მხოლოდ.

* * *

სამაგიეროდ დღემდე ჩაკეტილს,

დღეს ყველა ქუჩას გვიჩენს ქალაქი

და უკვე ვიცით, ვინ რას აკეთებს

ულაპარაკოდ თუ ლაპარაკით.

* * *

ჩვენ აღარ გვაკრთობს ხმაური ქარის

და აღარც დედებს არ ვეტირებით,

რადგან ზღაპრების გმირების დარად,

ვართ ბოროტები ან კეთილები.

* * *

და ყველა ვცდილობთ რაღაცის შოვნას,

ყველამ ვიღაცას მივეცით ფიცი.

ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს თოვლი,

ბავშვები როგორ ჩნდებიან ვიცით.

* * *

და უცებ სულში შემოდის ქალი:

ვარდებით, ელდით და ჟრუანტელით…

და ტკივილამდე გახელილ თვალებს

ეცოტავებათ ზეცის ნათელი.

* * *

ჩვენ ვხურავთ წიგნებს, უჯრებს და ფანჯრებს

და გაბრუებულ ფრინველის მსგავსად

ვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ,

რომ წასასვლელი აღარ გვაქვს არსად.

* * *

რომ აღარ გვახსოვს, რაც უკვე ვნახეთ,

რასაც ოდესღაც მივწვდით ფიქრებით…

და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს

იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.

 

კომენტარის დატოვება