დირკ ვან ბაბიურენი – „რომაელი ქალიშვილის მამობრივი სიყვარული: ციმონი და პერო”
ბაროკოს ეპოქაში მოღვაწე გენიალურმა ნიდერლანდელმა მხატვარმა - დირკ ვან ბაბიურენმა (1595-1624 წლები) თავის უკვდავ ქმნილებაზე, სახელწოდებით – „რომაელი ქალიშვილის მამობრივი სიყვარული: ციმონი და პერო”, მუშაობა 1623 წელს დაასრულა. ავტორმა ტილოს სიუჟეტად სახელოვანი რომაელი მწერლის – ვალერიუს მაქსიმუსის მიერ შეთხზული ლეგენდა გამოიყენა ძველ რომაული ისტორიიდან. (ავტორი გენია.ჯი) ლეგენდა მოგვითხრობს ერთ-ერთ რომაელ მოქალაქეზე, სახელად – ციმონზე, ვისაც მართლმსაჯულებამ რაღაც დანაშაულისათვის სასჯელად – შიმშილით სიკვდილი გამოუტანა. ციხის ადმინისტრაციამ გულმოწყალება გამოიჩინა და ტუსაღის ქალიშვილს – პეროს უფლება დართო საკანში გამოკეტილი მამა რეგულარულად მოენახულებინა. იმისათვის, რომ მამის სიცოცხლე როგორღაც ეხსნა შიმშილისაგან გამოწვეული უცილობელი სიკვდილისაგან, გონიერმა პერომ გადაწყვიტა ციმონი საკუთარი მკერდით გამოეკვება ციხის საკანში ყოველი სტუმრობის დროს. შედეგად, ციმონი ამ მეტად უჩვეულო მეთოდით სიცოცხლეს ინარჩუნებდა. სამაგიეროდ, მისი ქალიშვილი დგებოდა საფრთხის წინაშე, რადგან ასეთი ქმედების გამჟღავნების შემთხვევაში, მასაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. ციხის ადმინისტრაცია გაოცებული იყო, რა გზით ახერხებდა ტუსაღი სიცოცხლის შენარჩუნებას, თუმცა ბოლოს ყველაფერს ფარდა აეხადა.
შედეგად, პერო დაპატიმრებული იქნა და იგი მამასთან ერთად წარსდგა სასამართლოს წინაშე. ამ შემთხვევაში ძველ რომაული სასტიკი მართლმსაჯულება მართლაც რომ მეტად გულმოწყალე აღმოჩნდა უკიდეგანო მამა-შვილური გრძნობის წინაშე: სასამართლომ სათანადოდ შეაფასა თავგანწირული პეროს საქციელი და ორივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა.
აღნიშნული ლეგენდის სიუჟეტმა განსაკუთრებული ყურადღება XVI – XVIII საუკუნეში მოღვაწე მხატვრებში მიიპყრო, რის გამოც რამდენიმე ფერმწერმა იგი საკუთარ ტილოზე ასახა. მათ შორის – ჟან-ბატისტ გრიოზმა და პედრო კარმაჩომ. თუმცა ყველაზე მეტად მაინც დირკ ვან ბაბიურენის მიერ შექმნილმა ტილომ დაიმსახურა ხელოვნებისმოყვარულებში განსაკუთრებული მოწონება.
დღეისათვის, ნიდერლანდელი მხატვრის შედევრი-ტილო – „რომაელი ქალიშვილის მამობრივი სიყვარული: ციმონი და პერო” დაცულია დიდ ბრიტანეთში განთავსებულ იორკის მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი)