ბენი ჰილი – „ეპიზოდი”
დედაზე განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო „დედიკოს ბიჭად” წოდებული საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი კომიკოსი მსახიობი – ალფრედ ჰოთორნ „ბენი” ჰილი (1924-1992 წლები), ვინაც ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ „ღირშესანიშნაობად” იყო მიჩნეული ტაუერისა და ბიგ-ბენის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში, ერთობ უცნაური ხასიათისა და თვისებების მქონე პერსონას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ ეს უკიდურესად ხელმომჭირნე კაცი ძალიან ბევრ ფულს გამოიმუშავებდა და ყოველთვის ლამაზმანების გარემოცვაში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, ბენი ჰილს არასოდეს შეუძენია საკუთარი სახლი, არ ჰყოლია ავტომობილი და არ შეურთავს ცოლი. კომიკოსი დიდი ფართის მქონე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა ლონდონის დასავლეთით განთავსებულ გარეუბან ტედინგტონში. ბინაში, რომელიც ნამდვილ სანაგვედ ჰქონდა ქცეული მსახიობს. მისი ბინის შემხედვარე კაცი იფიქრებდა, რომ წლების განმავლობაში არავის დაულაგებია იგიო. ტანისამოსით სავსე მუყაოს ყუთებს თავისუფალი სივრცის ნახევარი ეკავა. მთელ სახლში მიმოფანტული იყო ჟურნალ-გაზეთების დასტები, თაროები სავსე იყო ძველი დამტვერილი ვიდეოფირებით, ხოლო მაგიდაზე ყოველთვის პლასტმასის ერთჯერადი თეფშები ეწყო, რომლებზედაც ხშირად მონარჩენი საჭმელი იყო დატოვებული.
ავტომობილის შეძენაზე ამ უძუნწესმა შოუმენმა უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ მის ფლობას ძვირ სიამოვნებად მიიჩნევდა. სიძუნწისვე გამოისობით არ სარგებლობდა ტაქსით, რადგან ამას დაუშვებელი ფუფუნების სტატუსი ჰქონდა მისგან მინიჭებული. შედეგად, სამსახურში მისვლამდე 6 მილს გადიოდა ფეხით ყოველდღიურად. საკვებ პროდუქტებს ჰილი ფასდაკლების აქციების ფონზე იძენდა და ისიც იაფ ფასიან საკვებ პროდუქტებს.
გარდა ყოველივე ამისა, ბენი ჰილი არც დაქორწინებას ჩქარობდა. არც დაქორწინებულა… შეკითხვაზე, თუ რატომ არ მოჰყავდა ცოლი, ლამაზმანებით გარემოცულმა კომიკოსმა ერთობ მახვილგონივრული პასუხი გასცა: „რა საჭიროა იყიდო წიგნი მაშინ, როცა შესაძლებლობა გაქვს მთელი ბიბილიოთეკით უფასოდ ისარგებლოო”.
ბენი ჰილი 1992 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა ნაქირავებ ბინაში გულის შეტევის შედეგად. „რამდენადაც პოპულარული გახლდათ ცხოვრებაში, იმდენად სწრაფად დაივიწყეს იგი სიკვდილის შემდეგო”, – წუხდა კომიკოსის ერთ-ერთი ბიოგრაფი – მარკ ლიუისონი მოგვიანებით. – (ავტორი გენია.ჯი)