ტინტორეტო – „ეპიზოდი”
„მიქელანჯელოს ნახატი და ტიციანის ფერები” – ასეთი სახის მქონე წარწერა ჰქონდა საკუთარი სახელოსნოს კედელზე გაკეთებული გვიანი აღორძინების ხანის ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ წარმომადგენელს - იაკოპო რობუსტის (1518-1594 წლები), იგივე ტინტორეტოს. (ავტორი გენია.ჯი) ვენეციური სკოლის ღირსეულ წევრს თავის პროფესიაში ორი კუმირი გააჩნდა: ფლორენციელი – მიქელანჯელო ბუონაროტი და ვენეციელი (თანაქალაქელი) – ტიციანო ვეჩელი. ტიციანო ვეჩელი, ვისთანაც დროთა განმავლობაში მას მეტად მძაფრი მეტოქეობა ჩამოუყალბდა. ხელოვნებათმცოდნეებმა ამ ორი გიგანტი ხელოვანის დაპირისპირებას მოგვიანებით – „ვენეციური მეტოქეობა” უწოდეს.
მაშინ, როდესაც გენიალური ტინტორეტო სახვითი ხელოვნების გზას ადგებოდა, ტიციანი უკვე საუკეთესო მხატვრის სახელით სარგებლობდა ვენეციაში (ცნობილია, რომ მისმა თავბრუდამხვევად წარმატებულმა კარიერამ პიკს 1545 წელს მიაღწია). ამბიციური თვისებების მატარებელ ვაჟიშვილში ნიჭის აღმოჩენისთანავე, მამამ ტინტორეტო ტიციანს მიაბარა სასწავლებლად 1533 წელს. თუმცა, ეგზომ სახელოვანი ფერმწერის მოწაფეობის სტატუსი მან სულ რაღაც ათიოდე დღის განმავლობაში შეინარჩუნა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, როგორც კი ტიციანს ტინტორეტოში გამორჩეული ნიჭი შეუნიშნავს, მას აღარ მოუსურვებია თავისი ცოდნის გაზიარება ყმაწვილი მოწაფისთვის, რათა შემთხვევით თავად არ აღეზარდა ისეთი მხატვარი, ვინაც შემდგომში მის სახელს ჩრდილში მოაქცევდა.
მეორე ვირსიით, ტიციანმა როგორც კი აღმოაჩინა ტინტორეტოში გენიალური ნიჭი, მიიჩნია, რომ თავის ახალ მოწაფეს მისგან შესასწავლი არაფერი ჰქონდა.
ასე იყო თუ ისე, მიუხედავად მძაფრი მეტოქეობისა, ტინტორეტო მაინც სათანადოდ აფასებდა ტიციანის შემოქმედებას. ამიტომაც ჰქონდა თავის სახელოსნოში კედელზე გაკეთებული ზემოაღნიშნული წარწერა.
ისეც რომ ითქვას, ტიციანო ვეჩელი და იაკოპო რობუსტი აბსოლუტურად განსხვავებული ცნობიერების მქონე ადამიანები იყვნენ ერთმანეთისგან. თუკი პირველ მათგანს თვეები სჭირდებოდა ერთი ტილოს დასახატად, მეორე მათგანი ამას რამდენიმე დღეში აკეთებდა. ტინტორეტო დიდ კომპოზიციებს სწრაფად ხატავდა და ტიციანისაგან განსხვავებით, თავის ნამუშევრებზე ფასს ყოველთვის აკლებდა. გარდა ამისა, ხშირად იღებდა მონაწილეობას საქველმოქმედო აქციებში, რის სანაცვლოდაც არანაირ ჯილდოს არ იღებდა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ტინტორეტომ საკუთარ თავს რეკლამირება გაუწია, როგორც – „ანტიტიციანისტმა”. თუმცა კი, უდიდეს პატივს მიაგებდა მას. – (ავტორი გენია.ჯი)
ტიციანი