მარგარეტ მიჩელი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერალი ქალი, ავტორი ბესტსელერად ქცეული ლიტერატურული ქმნილებისა „ქარწაღებულნი” – მარგარეტ მიჩელი (1900-1949 წლები) სულ რაღაც სამიოდე წლის იყო, როდესაც მის კაბას გავარვარებული ღუმელიდან შემთხვევით ცეცხლი მოედო. (ავტორი გენია.ჯი) საბედნიეროდ, მშობლებმა გოგონას უვნებლად გადარჩენა შეძლეს, თუმცა მას შემდეგ მარგარეტს კაბა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აღარ ჩაუცვამს. იგი ყოველთვის შარვლით იმოსებოდა, რაც იმ პერიოდში მიუღებელ ქმედებად იყო მიჩნეული ქალისთვის. ლიტერატურულ მოღვაწეობას მიჩელმა პატარაობიდანვე მიჰყო ხელი. თავდაპირველად იგი ცხოველების შესახებ წერდა. შემდეგ ზღაპრებისა და სათავგადასავლო ნაწარმოებების წერაზეც გადავიდა. საბოლოო ჯამში კი ამ გენიალური მწერლის კალმიდან დიდებული რომანიც გამოცხვა – „ქარწაღებულნი”. რომანი, რომელმაც მისი სახელი ლიტერატურულ სამყაროში სამარადჟამოდ უკვდავყო და რომანი, რომელმაც მას პულიცერის საპატიო პრემია მოუტანა.
მომხიბლავი გარეგნობის მქონე მარგარეტს თაყვანისმცემელთა უზარმაზარი არმია ჰყავდა. სამწუხაროდ, არჩევანი მან არც თუ ისე კარგ კანდიდატზე გააკეთა, რაც შემდგომში სანანებელიც გაუხდა. ბერიენ კინნარდ აპშოუ გახლდათ კაცი, ვინაც სამხედრო სამსახურში წარმატებულ კარიერას ვერ მიაღწია, სამაგიეროდ ერთობ სარფიანად ვაჭრობდა სპირტიანი სასმელებით. და, რადგანაც მაშინ ამერიკაში „მშრალი კანონი” იყო მოქმედებაში, იგი იძულებული იყო იატაკქვეშეთიდან ევაჭრა. ბერიენი კარგი გარეგნობის მქონე მამაკაცს კი წარმოადგენდა, მაგრამ, რამდენადაც კარგი გარეგნობა ჰქონდა მას, იმდენად აუტანელი ხასიათით იყო გამორჩეული.
მათი ოჯახური თანაცხოვრება სულ რაღაც სამიოდე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ეს სამიოდე თვეც საკმარისი აღმოჩნდა მარგარეტისათვის, თავის არასწორ არჩევანში სათანადოდ დარწმუნებულიყო. უკიდურესად ეჭვიანი აპშოუ ოჯახში დესპოტური თვისებებით გამოირჩეოდა. ალკოჰოლის ქვეშ მყოფი არა მხოლოდ ფიზიკურად ძალადობდა ცოლზე, არამედ ფსიქოლოგიურადაც. მიჩელის ბიოგრაფთა ცნობით, ქალს ის ჯოჯოხეთური სამი თვე ნამდვილ წამებაში განუვლია. ფიზიკურად და ემოციურად გადაღლილი მიჩელი განქორწინებას კი ცდილობდა, მაგრამ ამის წინააღმდეგ ქმარი გამოდიოდა.
იმისათვის, რომ გავეშებული ქმრისაგან თავი დაეცვა, მარგარეტმა პოსტოლეტი შეიძინა. მას შემდეგ იგი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იძინებდა პისტოლეტთან ერთად, რომელიც ყოველთვის ბალიშის ქვეშ ჰქონდა ამოდებული. მას ეს თვისება არც მაშინ მოუშლია, როცა პირველ ქმარს დაშორდა და მეორედ იქორწინა. თუმცა-კი, მეორე ჯერზე მიჩელს ისეთი ღირსეული მეუღლე შეხვდა, რომ იარაღითურთ დაძინებას ნამდვილად არ საჭიროებდა. – (ავტორი გენია.ჯი)