ივანე IV მრისხანე – „ეპიზოდი”
1572 წლით დათარიღებულ ანდერძში, რომელიც რუსეთის სისასტიკით განთქმულმა პირველმა მეფემ - ივანე IV მრისხანემ ნოვგოროდში შეადგინა, სიტყვასიტყვით ეწერა: „სხეული დამიუძლურდა… სული დამიავადდა… დღითი დღე მიმრავლდება იარები როგორც სხეულზე, ისე სულზეო”. (ავტორი გენია.ჯი) მონარქს სულიერი მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ უფრო დაუმძიმდა, რაც ხელიდან გამოეცალა ვაჟიშვილი – ივანე, რომელიც ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიით, თავისივე ხელით იქნა მოკლული. იმისათვის, რომ სულიერი ტანჯვა-ვარამი ოდნავ მაინც დაეცხრო, მეფემ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ მონასტრებში დაგზავნა ყველა იმ ადამიანის სია, რომლებიც პირადად მისი ბრძანებით იქნენ სიკვდილით დასჯილი სხვადასხვა პერიოდებში. გარდა სიისა, „მრისხანემ” მონასტრებს დიდძალი შესაწირიც შეწირა ფულადი სახით. ყოველივე ამის მოტივი ის გახლდათ, რომ მონატრის ბერ-მონაზვნებს დღე და ღამ ელოცათ მისი ბრძანებით მოკლული ადამიანების სულის მოსახსენიებლად. მონასტრებისათვის დაგზავნილ სიებში კი მართლაც რომ შთამბეჭდავი რაოდენობის ადამიანი იყო შეყვანილი. როგორც აღმოჩნდა, ივანე მრისხანეს პირადი ბრძანების საფუძველზე, მისი მმართველობის ჟამს, საერთო ჯამში – 4 000 ადამიანი გამოეთხოვა წუთისოფელს. – (ავტორი გენია.ჯი)