კარლოს II ჰაბსბურგი – „ეპიზოდი”
ესპანეთის სამეფო ტახტზე „მოჯადოებულად” წოდებული ჰაბსბურგთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი – კარლოს II (1661-1700 წლები) ინცესტის შედეგად მოევლინა ქვეყნიერებას. შედეგად, იგი საშინელი სიმახინჯით იქნა გამორჩეული. (ავტორი გენია.ჯი) ტახტის მომავალი მემკვიდრის მომავალს ამიტომაც განიცდიდა განსაკუთრებით მამამისი, ესპანეთის მეფე – ფელიპე IV. შვილის უკიდურესი სიმახინჯე მისთვისაც დღესავით იყო ნათელი, რის გამოც, როდესაც დორბლიანი ვაჟისთვის ცოლის შერთვის საკითხი დადგა დღის წესრიგში, გულღიად განაცხადა: „ – ვინ, ვინ უნდა შევრთო მას? ის ხომ ნებისმიერს შეაშინებს, მითუმეტეს ყმაწვილქალს?!”
მიუხედავად ამისა, კარლოსს ცოლი მაინც შერთეს. მისი სახელი გახლდათ – მარია-ლუიზა ორლეანელი. ფრანგი პრინცესა. საქმროს სიმახინჯით სულშეძრული ქალი პოლიტიკურ ინტერესებს შესწირეს ზვარაკად.
დადგა პირველი ღამე. კუზიან მონსტრთან დაწოლა მარია-ლუიზასათვის სიკვდილის ტოლფასი გახლდათ. ამიტომაც ელოდებოდა იგი ეგზომ შეშინებული საძინებელში მის პირველ ვიზიტს. და აი გაიღო კარი და გამოჩნდა შიშველ ტანზე ხალათმოსხმული კარლოსი, რომელსაც წელზე მისი მამაცი ბუნების დამადასტურებლად – გრძელვადიანი ხმალი ჰქონდა შემორტყმული. ამ დროს მას ცალ ხელში სინათლით აჭახჭახაბული დიდი ფარანი ეჭირა, ხოლო მეორეში კი – ღამის ქოთანი.
კარლოსის ასეთმა კომიკურმა გამოსვლამ მარია-ლუიზას შიში დაავიწყა და ხმამაღლა ახარხარდა. თვითმხილველები ირწმუნებოდნენ, რომ მისი ხარხარი მთელი ღამის განმავლობაში არ შემწყდარაო. იმასაც ამბობდნენ, არც ერთ ესპანელ დედოფალსა და პრინცესას ერთად აღებულს იმდენი არ უცინიათ, რამდენიც იმ ღამით იცინა მარია-ლუიზამო. თუმცა იმასაც უსვამდნენ ხაზს, რომ მისი ისტერიული სიცილი სიმწრისა და ვარამის ცრემლით იყო გაჯერებულიო. – (ავტორი გენია.ჯი)
მარია-ლუიზა ორლეანელი