აბრაამ ლინკოლნი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარულ პრეზიდენტს – აბრაამ ლინკოლნს (1809-1865 წლები), ვინაც თავისი მორალური თვალსაზრისით გამოისობით ყოველთვის უარს ამბობდა ნადირობასა და თევზაობაზე, 9 წლის ასაკში გარდაეცვალა დედა. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ხანში აშშ-ის მომავალი ეროვნული გმირის მამამ – თომას ლინკოლნმა სამშვილიან ქვრივ ქალზე – სარა-ბუშ ჯონსტონზე იქორწინა. აბრაამის დედინაცვალმა იმდენად დიდი მზრუნველობა და სითბო გამოავლინა უკიდურესად ზარმაცი გერის მიმართ, რომ დროთა განმავლობაში ლინკოლნმა მას „დედის” დაძახებაც კი დაუწყო. აბრაამს სკოლაში სწავლა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მოუხდა ოჯახური პირობების გამო. მიუხედავად ამისა, იგი პირველი გახდა თავისი ოჯახის წევრებს შორის, რომელმაც წერა-კითხვა და არითემატიკა შეისწავლა. ცოდნას მოწყურებული ლინკოლნი წიგნის თავგადაკლულ მოყვარულად ჩამოყალიბდა. მთელ თავისუფალ დროს იგი სწორედ რომ წიგნის კითხვაში ატარებდა. ცნობილია ისიც, რომ დრო და დრო ლინკოლნი მთელ 30 მილს გადიოდა ფეხით, რათა სასამართლო სხდომებს დასწრებოდა. ასეთ შემთხვევებში იგი იურისტების გამოსვლებს აკვირდებოდა მთელი გულისყურით. თვითგანათლების მიღების შემდგომ, აბრაამმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები და ადვოკატის დიპლომიც აიღო. საყურადღებოა ისიც, რომ ლინკოლნი ძირითადად გადახდის უუნარო (ღარიბი) ბრალდებულების უფლებებს იცავდა ყოველგვარი საფასურისა და ანგარების გარეშე. ადვოკატად მუშაობის 23 წლიანი პერიოდის განმავლობაში მან 5 000 სასამართლო განხილვაში მიიღო მონაწილეობა და ხალხში დიდი სახელიც დაიგდო, რაც თავის მხრივ, შემდგომში ერთობ გამოადგა საპრეზიდენტო სავარძლის დაკავებაში. – (ავტორი გენია.ჯი)