დომენიკო დრაგონეტი – „ეპიზოდი”
გენიალური იტალიელი მუსიკოსი და პირველი კონტრაბასისტი, ვინაც ამ მუსიკალურ ინსტრუმენტს საყოველთაოდ გაუთქვა სახელი მსოფლიოში – დომენიკო დრაგონეტი (1763-1846 წლები) ფრიად უცნაურ პიროვნებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, თუმცა არ გააჩნდა არც საკუთარი ოჯახი და არც სანათესაო. სამაგიეროდ, ამ მარტოხელა ხელოვანს გააჩნდა ადამიანის ნატურალური ზომების მქონე თოჯინების უზარმაზარი კოლექცია, რომელთაგანაც რამდენიმეს განსაკუთრებით „დიდ პატივს” სცემდა. საგულდაგულოდ მოვლილ „რჩეულ” თოჯინებს დომენიკო რიგრიგობით დაატარებდა თავის კონცერტებზე და საუკეთესო ადგილებს უჩენდა ლოჟებში. არაერთხელ შესწრებიან იმასაც, თუ როგორ ეცეკვებოდა მარტომყოფი მუსიკოსი თავის საყვარელ თოჯინებს. თუმცა, დრაგონეტისთვის ყველაზე „რჩეულ” მათგანს მაინც შავკანიანი გოგონას თოჯინა წარმოადგენდა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ იგი მას თავის „ცოლადაც” კი მოიხსენიებდა. მეგობრისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში დომენიკო აღნიშნავდა: „ჩემს თოჯინებს იმიტომ ვაფასებ, რომ განსხვავებით ცოცხალი თოჯინებისგან, მათი სახეები უკმაყოფილებას არასოდეს გამოხატავენო”. – (ავტორი გენია.ჯი)
დომენიკოს „ცოლი” (დღეისათვის აღნიშნული თოჯინა დაცულია ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმში)