ქართული სუფრის მადლი…
„ფრანგები, რუსები, გერმანელები თუ ამერიკელები სასმელს მიირთმევენ, რომ რაც შეიძლება მალე დაუდგეთ სასმელის მიღებით გამოწვეული სილაღის განცდა, მაშინ, როდესაც სუფრასთან სასმელს მიძალებული ყოველი ქართველი კი არ მიჰყვება სასმელით მონიჭებულ სიმსუბუქეს, არამედ მთელი შინაგანი ენერგიის მობილიზებით ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს და რაც შეიძლება შორს გადასწიოს ზარხოშის დადგომის მომენტი. მან კარგად იცის, რომ ის სუფრასთან მხოლოდ გასართობად არ მისულა, სუფრასთან მას საკმაოდ მძიმე სამუშაო ელის, რაც, პირველ რიგში, იმ რიტუალის ბოლომდე და სწორად შესრულებაა, რასაც სუფრა და მისი წესები ითვალისწინებს. წესები კი საკმაოდ რთულია და მისი შესრულებისათვის თითქოს შეუთავსებელის შეთავსებაა საჭირო. უნდა იქეიფო კიდეც, მაგრამ არ უნდა დათვრე. ერთის მხრივ, იმდენი დოზა უნდა მიიღო, რამდენიც დასათრობად საკმარისია, მაგრამ, მეორე მხრივ, არ უნდა დანებდე თრობის მომენტს და ფხიზელი დარჩე. რაც მთავარია, უნდა გახსოვდეს, რომ მიუხედავად საკმაოდ შემზღუდველი წესებისა და, მიუხედავად იმისა, რომ სუფრასთან შენი პიროვნების რეალიზაციისთვის ადვილი შესაძლებელია დიდხანს მოგიწიოს ლოდინმა, შენ მაინც იგრძნობ, ადრე თუ გვიან აუცილებლად იგრძნობ, რომ ქართული სუფრა სწორედ ის ადგილია, სადაც მაქსიმალურად თავისუფალი ხარ, რომ თუკი შენ სათქმელი გაქვს, იმ სათქმელის თქმისა და გამოხატვის ჟამი აუცილებლად დაჰკრავს და შენ მოგისმენენ… ოღონდ, ეგ არის, შენგან აუცილებლად მოითხოვენ იმ შენი სათქმელისადმი შემოქმედებით მიდგომას. უნდა დაიმახსოვრო, რომ ქართველები სუფრასთან არტისტებიც უნდა ვიყოთ, პოეტებიც, მწერლებიც, მეცნიერებიც და რომ სუფრა, არა მარტო შემოქმედება და თავისუფლებაა ქართველებისთვის, არამედ მოვალეობაც, რწმენაც და… თუ გნებავთ – ბედისწერაც!”
P.S. ამონარიდი ვალერი კვარაცხელიას მოთხრობიდან – „ფილოსოფიის დოქტორი”. – (ავტორი გენია.ჯი)