ნიკოლა ფუკე – „ეპიზოდი”

„ბატონი ფუკე მეფე არ არის, მაგრამ ისეთივე გავლენიანი მბრძანებელია, როგორც მეფეო”, – აცხადებდა თავის დროზე დიდი ფრანგი მწერალი – ალექსანდრე დიუმა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის - ნიკოლა ფუკეს (1615-1680 წლები) შესახებ, და ეს მართლაც რომ ასე იყო. (ავტორი გენია.ჯი) ფუფუნებისა და ღრმა განცხრომის მოყვარული ნიკოლა კორუფციის გაქნილ „მამას” წარმოადგენდა ქვეყანაში, რამაც იგი დროთა განმავლობაში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცია. მისი ენითაღუწერელი სიმდიდრის შესახებ ფართოდ დადიოდა ლეგენდები ხალხში. კაცმა, რომელსაც ხშირად ეშლებოდა სახელმწიფო ხაზინა საკუთარ ჯიბეში, არა მარტო კერძო კუნძული შეიძინა, არამედ ბო-ლე-ვიკონტის უძვირფასესი სასახლეც აიგო. ძვირფასი ნივთების გამაღმერთებელი ფუკე გარემოსილი იყო იმ პერიოდის ინტელექტუალებით. მის მდიდრულ სასახლეს ხშირად სტუმრობდნენ – მოლიერი, ლებრენი, ლენოტრი და სხვანი და სხვანი.

საფრანგეთის ფინანსების სუპერინტენდანტის ღრმა ფუფუნება შეუძლებელი იყო შეუმჩნეველი დარჩენოდა „მეფე-მზედ” წოდებულ ლუი XIV დე ბურბონს. მას ხშირად აწვდიდნენ ინფორმაციას კორუფციის ჭაობში ჩაძირული ნიკოლას შესახებ, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში თავადაც ფუფუნების მოყვარული მონარქი, რატომღაც თავს იკავებდა მისი დასჯისაგან. მას შემდეგ კი, რაც ფუკემ მეფის გზები გადაკვეთა, მისი კარიერული წარმატებაც დასასრულს მიუახლოვდა. ოფიციალური ვერსიით, ნიკოლა კორუფციას ემსხვერპლა. თუმცა სინამდვილეში, ფრანგი მინისტრის დაკავების მოტივი კორუფციაზე სულაც არ გადიოდა.

მაინც რატომ შეიძულა ლუიმ თავისი ფავორიტი მინისტრი? ფუკესადმი ლუის სიძულვილი ორ პირად მოტივზე გახლდათ დამყარებული. პირველი: მისმა მინისტრმა თავისი განუზომელი სიმდიდრით ერთგვარად ჩრდილში მოაქცია გამძაფრებული პატივმოყვარეობით გამორჩეული მეფე (სიმდიდრისა და ფუფუნებისადმი სიყვარულში ეს ორი ისტორიული პერსონა ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს). და მეორე: ნიკოლა ფუკემ სასიყვარულო რომანი გააბა ლუის ერთ-ერთ ფავორიტ ქალთან – ლუიზა დე ლავალიერთან. ეს გარემოება კი უკვე პირად შეურაწყოფას წარმოადგენდა მეფისთვის.

შედეგად, ოდესღაც ძლევამოსილ და ყველაზე მდიდარ ფრანგს მთელი 15 წლის განმავლობაში მოუხდა ციხის საკანში საკუთარ თავთან განმარტოება. და იქვე, საკანში ჰპოვა თავისი აღსასრული მან. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>