ჰენრი VIII ტიუდორი – „ეპიზოდი”
„ქრისტიანული სამყაროს ულამაზესი პრინცი” – ასე მოიხსენიებდნენ ახალგაზრდულ ასაკში მყოფ ინგლისის საყოველთაოდ ცნობილ მეფეს - ჰენრი VIII ტიუდორს (1491-1547 წლები) მისი თანამედროვეები, მაგრამ როგორც იტყვიან, „დრონი მეფობენ და არა მეფენი”. ნადირობისას მიღებულმა საშინელმა ტრამვამ ფეხზე „ცოლთმოძულე” მონარქის ცხოვრება სამარადჟამოდ შეცვალა უარყოფითისკენ. გაუსაძლისმა ტკივილებმა ეს ენერგიული კაცი ყოვლად უმოქმედო მასად აქცია. გარდა ამისა, შეეცვალა ხასიათიც: ახლა იგი ბევრად უფრო ფეთქებადი ხასიათისა გახდა, ვიდრე იყო. დაიწყო ხშირი განმარტოებები თავის აპარტამენტებში. ხშირად იგი რამდენიმე დღის განმავლობაში იკეტებოდა თავის საძინებელში და არავის იღებდა, რაოდენ სერიოზული საქმეც უნდა ჰქონოდა ვიზიტორს. მიუხედავად ღრმა დეპრესიისა, ჰენრი მაინც ძალიან დიდი რაოდენობით მოიხმარდა საკვებსა და ღვინოს, რაც მისი ფიზიკურ ფორმებსაც აშკარად დაეტყო. მონარქის წონამ 180 კილოგრამს მიაღწია. ფეხის აუტანელი ტკივილისა და განსაკუთრებულად დიდი მასის გამო, ინგლისის მეორე ტიუდორი მეფე სასახლეში სპეციალური კონსტრუქციის მქონე ეტლით გადაადგილდებოდა. ტურნირებსა და ნადირობებში მონაწილეობაზე, რომლებიც ასე უყვარდა მას ოდესღაც, ლაპარაკიც ზედმეტია. ამას თან ერთვოდა ზედმეტი საკვების მიღებისაგან გაღიზიანებული კუჭის საშინელი ტკივილები და მხედველობის დაქვეითება, რამაც იგი იძულებული გახადა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე სათვალეები ეტარებინა.
ჰენრის ფიზიკური და მორალური მდგომარეობა იმდენად თვალნათელი გახლდათ გარშემომყოფთათვის, რომ ერთ-ერთ ელჩს, ვინაც ადრეული წლებიდანვე იცნობდა მას, შეუნიშნავს კიდეც – „ძალიან დაეცაო”.
მართალია, სამეფო კარის ექიმები არაფერს იშურებდნენ ჰენრის მოსარჩენად (გადასარჩენად) და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხებიც იხარჯებოდა, მაგრამ შედეგი მაინც არ ჩანდა. პირიქით, მისი მდგომარეობა კიდევ და კიდევ უფრო მძიმდებოდა.
უკანასკნელი აღსარება ჰენრიმ არქიეპისკოპოსს – ტომას კრანმერს ვერ ჩააბარა, რადგან იმდენად ცუდად იყო, რომ ერთი სიტყვის წარმოთქმაც ვერ მოახერხა. შედეგად, ისე აღესრულა, რომ ორი ცოლის სიკვდილით დამსჯელმა შენდობაც ვერ მიიღო მისგან.
ჰენრი VIII ტიუდორის უზარმაზარი ცხედარი იმდენად დამძიმებულიყო, რომ მისი კუბო თექვსმეტმა ადამიანმა მიასვენა სასაფლაომდე. იგი დაკრძალული იქნა თავისი საყვარელი ცოლის – ჯეინ სეიმურის გვერდით. – (ავტორი გენია.ჯი)