ჯულიო ჩეზარე ვანინი – „ეპიზოდი”
„ამფითეატრისა” და „დიალოგების” იტალიელი ფილოსოფოსი ავტორი – ჯულიო ჩეზარე ვანინი (1585-1619 წლები), ვინაც ყოველთვის მძაფრი კრიტიკით გამოდიოდა ქრისტიანული სარწმუნოებისა და ღმერთის წინააღმდეგ, ათეიზმში, ერესსა და ჯადოქრობაში იქნა მსჯავრდებული. (ავტორი გენია.ჯი) ჯორდანო ბრუნოს შემდეგ მისი სასამართლო პროცესი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იდეოლოგიურ სასამართლო პროცესად არის მიჩნეული დღემდე. ღვთის მაძაგებელ ფილოსოფოსს გამბედაობა და სიმამაცე არც მაშინ დაუკარგავს, როდესაც მართლმსაჯულებამ მას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა (ჩამოხრჩობა). ამავე განაჩენის თანახმად, სანამ ვანინის სიკვდილით დასჯიდნენ, მანამ ჯალათებს მისთვის ენა უნდა მოეკვეთათ. „ისე ვკვდები, როგორც ჭეშმარიტ ფილოსოფოსს შეშვენისო”, – უთქვამს მაშინ თავის ბოლო სიტყვაში სასამართლოზე ჯულიოს.
ეშაფოტისაკენ მიმავალი იტალიელი ფილოსოფოსის დამშვიდება ერთმა კეთილმა ბერმა სცადა. მან ვანინის ქრისტეს ჯვარცმის ვნებების შეხსენება დაუწყო, რაზედაც სიკვდილმისჯილისგან გამაოგნებელი სიტყვები მოისმინა: „უკანასკნელ წუთებში ქრისტეს შიშისაგან ოფლი სდიოდა, მე კი მისგან განსხვავებით, უშიშრად ვკვდებიო”.
თავისი ათეისტური შეხედულება მას არც ეშაფოტზე ასულს უაურყვია. „არ არსებობს არც ღმერთი და არც ეშმაკი, რადგანაც ღმერთი რომ არსებულიყო, მას პარლამენტზე მეხის დაცემას შევთხოვდი, როგორც ორგანოზე, რომელიც უსამართლობის სიმბოლოდ არის ქცეული. ეშმაკს რომ ეარსება, მასაც ანალოგიური თხოვნით მივმართავდი, რათა მისთვის მიწისქვეშეთის საშინელ წყვდიადში მიეჩინა უკანასკნელი ბინა. მაგრამ, რადგანაც არც ერთი არსებობს და არც მეორე, მე ამის საშუალებას მოკლებული ვარ”. – ეს უკანასკნელი სიტყვები გახლდათ ჯულიო ჩეზარე ვანინისა.
სიკვდილით დასჯის შემდგომ, ენაამოგლეჯილი ათეისტი იტალიელი ფილოსოფოსის ცხედარი კოცონზე ბოლო ძვლამდე დაწვეს და დაფერფლეს. – (ავტორი გენია.ჯი)