სალვადორ დალი – „ეპიზოდი”
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ექსტრავაგანტული და ეპატაჟური გამოხდომებით ცნობილი გენიალური ესპანელი სიურეალისტი ფერმწერი – სალვადორ დალი (1904-1989 წლები) გახლდათ პირველი ადამიანი ისტორიაში, ვინაც ისეთი ეგზოტიკური არსება აქცია „შინაურ ცხოველად”, როგორიც გახლავთ – ჭიანჭველაჭამია. (ავტორი გენია.ჯი) სალვადორი ეგზოტიკური ცხოველების მოყვარულ პერსონას კი წარმოადგენდა, მაგრამ არასრულკბილიანების რიგის ამ უცნაური ცხოველის მოშინაურებას წინ მაინც ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უსწრებდა. კერძოდ, ბავშვობის ხანაში სალვადორის საძინებლის ჭერში ბინა ჰქონდა დადებული ღამურას, რომელიც მოზარდს ძალიან უყვარდა. ერთ დღეს დალიმ აღმოაჩინა, რომ ღამურა მომკვდარიყო. მის საყვარელს არსებას კი ჭიანჭველების მთელი ჯარი დასეოდა. მას შემდეგ სალვადორს საშინლად შესძულდა ეს პატარა არსებები. იმისათვის, რომ ჭიანჭველების ოდინდელი ჯავრი ეყარა, ასაკში შესულმა მხატვარმა სპეციალურად შეიძინა ჭიანჭველების მმუსრავი ჭიანჭველაჭამია პარიზის ზოოპარკიდან. თავის საყვარელ ეგზოტიკურ ცხოველს პატრონი საკვებს (ჭიანჭველებს) გაათმაგებული მონდომებით აწოდებდა. რა ბედი ეწია საბოლოო ჯამში სალვადორის ჭიანჭველაჭამიას, ჩვენთვის უცნობია. თუმცა კი ცნობილია, რომ ბავშვობაში მიყენებული სულიერი ტრამვის გამო, ასეთი მეთოდით უძიებია შური სიჭარმაგეში შესულ გენიალურ ესპანელ ხელოვანს ჭიანჭველებზე. – (ავტორი გენია.ჯი)