თემურ ელიავა – „ამოხეული გვერდი”
ნისლის სურნელი მოშორდა დილას,
ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი,
ვხედავდი, როგორ დაჰქონდა ნიავს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.
* * *
მას მეოცნებე მკითხველის ნაცვლად
ესალმებოდა დახრილი კედრი,
ფრთხილად დაეცა ნაწვიმარ ასფალტს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.
* * *
გაყვითლებული, პაწია, ციცქნა,
გვერდი, რომელიც არავის ერგო,
მკვდარი ჩიტივით დაეცა მიწას,
მკვდარი ჩიტივით ასფალტზე ეგდო.
* * *
მას კითხულობდა შრიალით ვერხვი,
სხვა მეოცნებე მკითხველის ნაცვლად,
შენც დააბიჯე, ძვირფასო, ფეხი,
ვერ შეამჩნიე ტალახში ალბათ.
* * *
ღამენათევი პოეტის თვალებს
დალალულ ფიქრთა მოადგა ცრემლი:
სიკვდილი ტკბილი, სიკვდილი მწარე,
აუხდენელი ოცნებით მწველი.
* * *
სიცარიელეს ვატარებ მკერდით,
ახლა ვიგრძენი არყოფნა სრული,
ამოხეული წიგნიდან გვერდი,
იყო მწუხარე პოეტის გული.
* * *
ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი
და ჩემი გული ასფალტზე ეგდო, -
ამოხეული წიგნიდან გვერდი,
გვერდი, რომელიც არავის ერგო.