აცტეკი ბავშვები – „ეპიზოდი”
ბავშვის მიმართ ცხოვრების გამარტივების მეთოდების გამოყენება აცტეკ ხალხში – დაუშვებელი მოვლენა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა ბავშვის ასაკს, თუნდაც ჩვილი ყოფილიყო იგი. როცა პატარა ტირილს დაიწყებდა ხოლმე, მის დამშვიდებას არავინ იწყებდა, რადგან ცრემლს აცტეკები ჩვეულებრივ და ნორმალურ რეაქციად მიიჩნევდნენ ადამიანისათვის. ისინი პატარებს იმთავითვე უყვებოდნენ იმ მოსალოდნელი სიძნელეების შესახებ, რომლებიც ასე მრავლად ხვდება ადამიანებს ცხოვრების დახლართულ გზებზე. შედეგად, ისინი ბავშვობიდანვე ეგუებოდნენ იმას, რომ ცხოვრება მარტივი რამ სათამაშო არ გახლდათ. ამიტომაც იყვნენ აცტეკი მოზარდები ესოდენ შრომისმოყვარეები და მორჩილები. სხვა არჩევანს მშობლებიც არ უტოვებდნენ…
8 წლის ასაკში შესულ ბავშვს აცტეკები სრულწლოვანად მიიჩნევდნენ. ამიტომაც მას დედ-მამა ეუბნებოდა, რომ ახლა უკვე დრო იყო სრული პასუხისმგებლობით მოკიდებოდა ყოველ საქმეს. ამ პერიოდიდან მოზარდი ვალდებული გახლდათ ყველაზე ადრე ამდგარიყო საწოლიდან და ყოველდღიურად უსიტყვოდ შეესრულებინა ყველა ის საქმე, რასაც დაავალებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი – მკაცრად ისჯებოდა.
ურჩობისათვის ბავშვს აცტეკები აგავას მცენარის ბასრი ეკლებით სჯიდნენ. „დამნაშავეს” დამსჯელი აგავას ეკლებით მთელ ტანზე ჩხვლეტდა. თუკი ეს მეთოდი საკმარისი არ აღმოჩნდებოდა, მაშინ მოზარდს სრულიად აშიშვლებდნენ, ბოძზე აკრავდნენ და კაქტუსის ეკლებით „ამუშავებდნენ”, რაც საშინლად მტკივნეული იყო.
11 წლიდან ურჩობა კიდევ უფრო მკაცრი მეთოდებით ისჯებოდა აცტეკებში. ასე მაგალითად: ურჩ მოზარდს კეტავდნენ ოთახში, რომელსაც საყოველთაოდ ცნობილი უცხარესი პილპილის – ჩილის კვამლით აჯერებდნენ საგულდაგულოდ. დასჯის ასეთ საშინელ მეთოდს მსხვერლიც ახლდა ხოლმე თან.
ბავშვებისათვის აუცილებელ საქმიანობას შეშის მოპოვება წარმოადგენდა. „ტელპოჩკალის” მოსწავლეებს („ახალგაზრდა ადამიანთა სახლი” – აცტეკი ხალხის საგანმანათლებლო ცენტრი) სასწავლებლის ადმინისტრაცია ტყეებიდან შეშის მოტანას ყოველდღიურად აიძულებდა. ყოველ ასეთ ჯერზე, ბავშვებს იმაზე მეტი შეშა უნდა მიეტანათ ტელპოჩკალში, რაც წინა დღეს მიიტანეს. ბევრი მათგანი ასეთ დავალებას ფიზიკური სიძნელეების გამო ბოლომდე ვერ ასრულებდა. მათთვის შეუძლებელი იყო ყოველდღიურად მზარდი რაოდენობის შეშის ზიდვა. ისინი კი, ვინც ამ რთულ დავალებას თავს გაართმევდა, ავტორიტეტის შეძენასთან ერთად თავისუფლდებოდნენ ტყეებიდან შეშის მოტანის ყოველდღიური დავალებიდან. – (ავტორი გენია.ჯი)