დიმიტრი შოსტაკოვიჩი – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია, რომ სერგეი რახმანინოვი და ჯაკომო პუჩინი, ეს ორი გენიალური მუსიკოსი, ავტომობილის თავგადაკლული მოყვარულები გახლდნენ (პუჩინის ავტოფარეხში მისივე საკუთრებაში მყოფ 15 ავტომობილსაც კი ჰქონდა ბინა დადებული). ისინი მართლაც რომ აღმერთებდნენ საჭის მართვას, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მათ ისეთ დიდებულ კოლეგაზე, როგორიც გახლდათ რუსი კომპოზიტორი – დიმიტრი შოსტაკოვიჩი (1906-1975 წლები). თუ რაიმე სძულდა ყველაზე მეტად ამ კაცს ცხოვრებაში, სწორედ რომ საჭესთან ჯდომა იყო იგი. (ავტორი გენია.ჯი) კომპოზიტორის რიგით მესამე (ამასთანავე ბოლო) ცოლის – ირინა სუპინსკაიას გადმოცემით, ამას თავისი მიზეზიც გააჩნდა. ერთ დღეს დიმიტრის „პობედის” ბორბლები მატარებლის რელსებზე გადასვლის დროს რელსებს შუა მაშინ გაიჭედა, როდესაც მას მატარებელი უახლოვდებოდა. საბედნიეროდ, მოქალაქეებმა მოასწრეს ავტომობილის სამშვიდობოზე გაყვანა. თუმცა მას შემდეგ შოსტაკოვიჩს საჭესთან ჯდომის საშინელი შიში და სიძულვილი დასჩემებია. იგი ისედაც იშვიათად მართავდა ხოლმე თავის „პობედას” და ახლა საერთოდ უარი განუცხადებია მის მართვაზე.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კომპოზიტორს საბჭოთა ხელისუფლებამ ახალთახალი ავტომობილი – „GAZ-M1″ აჩუქა. გასაგები მიზეზების გამო მუსიკოსი საპატიო საჩუქარს დიდად არ აღუფრთოვანებია. ის კი არადა, ხშირად წუწუნებდა კიდეც – „ბენზინი არა მაქვს. მძღოლი არ მემსახურება, და არც მისი შენახვისათვის საჭირო თანხები არ გამაჩნიაო”. ამიტომაც, მთავრობის მიერ ნაჩუქარი მანქანა ძირითადად ავტოფარეხში იდგა.
აღნიშნული პრობლემა დიმიტრიმ რიგით მესამე ქორწინების შემდეგ მოაგვარა: თავისი ახალგაზრდა მეუღლე შოსტაკოვიჩმა ავტოსკოლაში მიაბარა სასწავლებლად. ირინას ავტომობილის საჭესთან ჯდომისადმი მიდრეკილება არასოდეს არ გააჩნდა, თუმცა, როცა საქმემ მოითხოვა, შესანიშნავად შეისწავლა მისი მართვა. შოსტაკოვიჩი, რომელიც „შტურმანის” შესანიშნავი თვისებებით იყო დაჯილდოვებული, მას შემდეგ ირინას მომსახურებით სარგებლობდა ყოველთვის. – (ავტორი გენია.ჯი)