რიხარდ ვაგნერი – „ეპიზოდი”
ფიურერის ფავორიტი გერმანელი კომპოზიტორის - რიხარდ ვაგნერის (1813-1883 წლები) ბიოგრაფები შენიშნავდნენ, რომ ვაგნერი და ძაღლები ისეთივე ცნობილი თემაა, როგორც ვაგნერი და ჰიტლერი. თუმცა ბევრად უფრო სასიამოვნო თემაო. (ავტორი გენია.ჯი) ამ გენიალურ მუსიკოსს ისევე უყვარდა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, როგორც თავის სახელოვან ფრანგ კოლეგას – მორის რაველის უყვარდა კატები. რაველი კი, მოგეხსენებათ, განთქმული ადამიანი იყო კატებისადმი სიყვარულით.
რიხარდს არა მარტო უყვარდა ძაღლები, არამედ სათანადოდაც აფასებდა. კომპოზიტორი შესაშურად იცნობდა მათ სულიერ სამყაროს და იმ სიყვარულის სანაცვლოდ, რასაც თავად გასცემდა, გაასმაგებულ სიყვარულს იღებდა.
თავისი ცხოვრების გზაზე ვაგნერს ბევრი სხვადასხვა ჯიშის ძაღლი ჰყავდა… სენბერნარი, პუდელი, ნიუფაუნდლენდი, კავალერ-კინგ-ჩარლზ-სპანიელი, გონჩი, ლეონბერგერი, პინჩერი, და ეს არ არის სრული სია.
იცოდნენ რა, გერმანელი ნაცისტებისათვის „ხატად” ქცეული კომპოზიტორის დამოკიდებულება ძაღლებისადმი, ხშირად იმასაც კი ამბობდა ხალხი, – ვაგნერს ადამიანებზე მეტად ისინი უყვარსო. და მართლაც, ბევრი ადამიანი დაზარალდა მის გარშემო უკიდურესად ეგოცენტრიზმით შეპყრობილი რიხარდის რთული ხასიათის გამოისობით. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მის მფლობელობაში არსებულ ცხოველებზე. იგი მათ არასოდეს არ მოქცევია ცუდად.
თავისი საყვარელი არსებები ვაგნერს ბევრ რამეში უწვედნენ დახმარებას – ისინი ანუგეშებდნენ ავადმყოფობის ჟამს, უქრობდნენ გაღიზიანებას და რისხვას. ძაღლთან ერთად ყოველი გასეირნების შემდეგ კომპოზიტორი სახლში დამშვიდებული ბრუნდებოდაო, – შენიშნავდნენ მუსიკოსის ახლობლები.
რიხარდის ერთ-ერთ ფავორიტ ძაღლს (კავალერ-კინგ-ჩარლზ-სპანიელს), სახელად – „პეპსის”, პატრონმა თავისი როიალის გვერდით განთავსებულ რბილ ბალიშიან სავარძელზე მიუჩინა ბინა. ვაგნერი ამ ნერვულ ძაღლს მისი შემოქმედების ყველაზე სამართლიან კრიტიკოსად მოიხსენიებდა. უკიდურესად ავი და ნერვული ხასიათის გამო პეპსის ვაგნერის მეგობრებმა „შეშლილი პეპსი” უწოდეს.
„პეპსი არაჩვეულებრივად ნერვული ძაღლი იყოო”, – აღიშნავდა კიდეც მოგვიანებით მუსიკოსი. პეპსიმ ვაგნერთან 13 წლის განმავლობაში იცხოვრა. მისი სიკვდილი რიხარდისათვის დიდი დარტყმა გახლდათ.
ვაგნერის სიყვარული ძაღლებისადმი რომ განუზომლად დიდი იყო, შემდეგი ფაქტიც ადასტურებს: რიხარდის საყვარელი ძაღლი მისი საფლავიდან სულ რაღაც ორიოდე მეტრშია დაკრძალული.
ამიტომაც უწოდა რიგმა ავტორებმა ამ გენიალურ გერმანელ კომპოზიტორს – „ძაღლების საუკეთესო მეგობარი”. – (ავტორი გენია.ჯი)