ფრანც შუბერტი – „ეპიზოდი”
„რა მეშველება მომავალში? როგორც ჩანს, სიბერეში მეც ისევე მომიხდება ცხოვრება, როგორც გოეთეს არფისტს, კარიდან კარზე წანწალი და სამოწყალოდ პურის თხოვნაო”. - ასეთი სიტყვები ჩაუწერია ოდესღაც უკიდურესი სიდუხჭირისაგან სასოწარკვეთილებამდე მისულ გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორს – ფრანც პეტერ შუბერტს (1797-1828 წლები) თავის დღიურში. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, მუსიკალურ ხელოვნებაში რომანტიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელ ხელოვანს გაჭირვებისა და უსახლკარობის გამო ხშირად უწევდა ღამის გათენება ამა თუ იმ სახლის დანგრეულ სხვენზე. იგი არავისგან იღებდა დახმარებას და არც თვითონ ითხოვდა ვინმესგან ამას. კმარობდა იმას, რაც გააჩნდა…
1828 წლის 26 მარტს შუბერტმა თავისი პირველი კონცერტი გამართა, რასაც ტრიუმფი მოჰყვა თან. დარბაზი მაშინ ოვაციებისგან კინაღამ ჩამოიქცაო, – იგონებდნენ თვითმხილველნი. ეს იყო პირველი, ერთადერთი და უკანასკნელი შემთხვევა შუბერტის ცხოვრებაში, როცა მან ნათლად შეიგრძნო ნამდვილი წარმატების გემო. სამწუხაროდ, დიდ ავსტრიელ მუსიკოსს წარმატებით ტკბობა დიდხანს არ დასცალდა, რადგან იგი იმავე წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა. – (ავტორი გენია.ჯი)