ჩარლზ დიკენსი – „ეპიზოდი”
პარიზში ყოფნის ჟამს, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ინგლისელი მეტრი – ჩარლზ დიკენსი (1812-1870 წლები) ადგილობრივ თეატრს ესტუმრა. სპექტაკლის დასრულების შემდგომ სახლში მიმავალმა მწერალმა აღმოაჩინა, რომ საათი დაუკარგავს. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდში დიკენსი არა მხოლოდ აღიარებული ლიტერატორი გახლდათ, არამედ სოლიდური ჰონორარებითაც იყო განებივრებული. შედეგად მას შეეძლო ახალი საათის, თუნდაც ძვირადღირებულის ყიდვის უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის, თუმცა ჩარლზი დანაკარგს ამითაც ვერ აინაზღაურებდა, რადგან დაკარგული ნივთი თავის დროზე სახელოვან მწერალს თვით გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა – ვიქტორიამ უსახსოვრა. საათს განსაკუთრებულ ფასეულობას სძენდა დედოფლის მიერ მასზედ დატანილი მოხდენილი გრავიურის მქონე წარწერა. ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული დედოფალი დიკენსის ლიტერატურული შემოქმედების მოტრფიალე და მისი ნიჭის ღრმად პატივისმცემელი ქალბატონი გახლდათ და ამიტომაც დააფასა იგი ასე.
დანაკარგმა დიკენსი ძალიან გაანაწყენა. თუმცა მეორე დღეს სასტუმროს ნომერში მისულს დახვდა ამანათი, რომელშიაც მისდა მოულოდნელად, წინა დღით დაკარგული საათი აღმოაჩინა წერილითურთ. სასიამოვნოდ გაოცებული კი წერილის წაკითხვას შეუდგა:
„სერ, დიდ ბოდიშს გიხდით და ვიმედოვნებ, რომ მაპატიებთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ფრანგთან მქონდა საქმე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თქვენ ჩემი თანამემამულე ყოფილხართ. ახლა ვჩქარობ, რაც შეიძლება მალე გამოვასწორო დაშვებული შეცდომა და უკან გიბრუნებთ ჩემს მიერ თქვენთვის მოპარულ საათს. გთხოვთ, დამერწმუნოთ, თქვენდამი გულწრფელ პტივისცემაში. გთხოვთ, მიგულოთ, კარგ თანამემამულედ და ერთგულ მსახურად. იცოდეთ, რომ ჩვენ თანამემამულეებს არ ვაბრაზებთ”.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ეს ისტორია ფართოდ იქნა გავრცელებული საზოგადოებაში. და არა მარტო გავრცელებული… აღნიშნულ თემაზე მსჯელობამ საზოგადოების ფართო მასებიც კი მოიცვა. „სამწუხაროა, რომ ყველა ის ინგლისელი მძარცველი, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ, არ იცავს ამ პრინციპებსო”, – შეუნიშნავს ერთხელ ერთ გონებამახვილ ინგლისელ დიპლომატს. – (ავტორი გენია.ჯი)