მეჰმედ II – „ეპიზოდი”
„დამპყრობელად” წოდებული ერთ-ერთი ძლევამოსილი ოსმალეთის სულთანი – მეჰმედ II ფათიჰი (1432-1481 წლები), რამდენიმე თავისებური ეტიკეტის დამკვიდრების ავტორი გახლდათ სულთნის სასახლის კარზე. (ავტორი გენია.ჯი) მის მიერ დამკვიდრებული ერთ-ერთი ასეთი სავალდებულოდ აღსასრულებელი ეტიკეტი სულთნის დაპურებასთან იყო დაკავშირებული: კონსტანტინოპოლის მრისხანე დამპყრობელს ამიერიდან მარტო უნდა ესადილა ნებისმიერ სიტუაციაში. მასთან ტრაპეზობის უფლება აეკრძალათ არა მხოლოდ ოსმალო დიდებულებსა და სახელმწიფო ჩინოვნიკებს, არამედ მბრძანებლის ოჯახის წევრებსაც კი. „ჩემი წინაპრები ამას უშვებდნენ, მე კი ვკრძალავ მასო”, – ბრძანებდა იგი.
მეჰმედის დილის ტრაპეზობის სცენა შემდეგი სახით აქვს აღწერილი ფრანგ დიპლომატსა და ჯაშუშს – ბერტრანდონ დე ლა ბროკიერს. მისი გადმოცემით, ოსმალეთის სულთანი ძირითადად ორჯერ ჭამდა საჭმელს დღეში – დილით და საღამოს. იგი სასახლის დიდ დარბარზში ტრაპეზობას ანიჭებდა ყოველთვის უპირატესობას. ასეთ შემთხვევაში მეჰმედის სიახლოვეს 20 სუფრის მომსახურე ლაქია იმყოფებოდა. ლაქიების გარდა, დილის საუზმის ჟამს სასახლის დარბაზში, სადაც მეჰმედი უნდა დანაყრებულიყო, ორი ათასამდე ადამიანიც იკრიბებოდა. შეკრებილთა შორის იმყოფებოდნენ როგორც სულთნის ოჯახის წევრები, ასევე ნათესავები, დიდებულები და მოსამსახურე პერსონალი. ისინი მოთმინებით შესცქეროდნენ პირში მოტრაპეზე მბრძანებელს და მორჩილად ელოდნენ როდის დანაყრდებოდა საბოლოოდ იგი. მანამ, სანამ მეჰმედი დილის საუზმეს არ მორჩებოდა, სასახლის კარზე არავის ჰქონდა უფლება პური გაეტეხა.
მეჰმედ მეორის აღნიშნულ ეტიკეტში ცვლილება საყოველთაოდ ცნობილმა ოსმალეთის სულთანმა – სულეიმან I კანუნმა შეიტანა XVI საუკუნეში. – (ავტორი გენია.ჯი)