რამდენიმე ფაქტი ბაბილონის შესახებ…
ძველი სამყაროს ლეგენდად ქცეული მესოპოტამიური ქალაქი – ბაბილონი – თანამედროვე ერაყის დედაქალაქ – ბაღდადთან სულ რაღაც 90 კილომეტრში მდებარეობდა.
* * *
ბაბილონის სამეფოს (ბაბილონეთის) დედაქალაქი – 484 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე იყო განფენილი. მისმა მოსახლეობამ ქალაქის აღორძინების ეპოქის პიკში – 200 000 ადამიანს მიაღწია. შედეგად იგი, იმ პერიოდის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ქალაქად იქცა.
* * *
პირველი მეცნიერი, ვინაც ბაბილონური დამწერლობა გაშიფრა და თარგმნა 1802 წელს, დიდი გერმანელი ფილოლოგი – გეორგ ფრიდრიხ გროტეფენდი გახლდათ. აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ პირველი მეცნიერი, ვინაც არქეოლოგიური გათხრების ჩატარების შედეგად დაადასტურა ბაბილონის არსებობა, ცნობილი გერმანელი არქეოლოგი – რობერტ კოლდევეი იყო.
* * *
„ბაბილონის გოდოლისა” და „სემირამიდას დაკიდებული ბაღების” ქალაქში ვაჭრობა განსაკუთრებით ყვაოდა. ყვაოდა მანუფაქტურაც. იქ ნაწარმოები პროდუქტი იმდენად დიდი მოწონებით სარგებლობდა, რომ მის შესაძენად ხშირად მეზობელი სახელმწიფოებიდანაც კი ჩადიოდნენ ყველაზე გავლენიანი ადამიანები. საყურადღებო ფაქტია ისიც, რომ ბაბილონი – „მოდის კანონმდებელ” ქალაქად არის მიჩნეული.
* * *
ავადმყოფის განკურნებასა და ზოგადად, მედიცინას ბაბილონში იმთავითვე დიდი და სერიოზული ყურადღება ექცეოდა. იმ პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის ცენტრად ქცეულ ქალაქში მოქმედი „ხამურაბის კანონები” მედიკოსებს ავალდებულებდა სრული პასუხისმგებლობა აეღოთ თავიანთი პაციენტების ჯანმრთელობაზე. (ავტორი გენია.ჯი) იგივე კანონების თანახმად, ექიმი, რომელსაც პაციენტი გარდაეცვლებოდა, სასტიკად ისჯებოდა. დამნაშავეს – მაჯაში ჰკვეთდდნენ ხელს. ამიტომაც განიცდიდა ძველი სამყაროს ეს თვალწარმტაცი მეგაპოლისი ყოველთვის პროფესიონალ მედიკოსთა განსაკუთრებულ ნაკლებობას.
* * *
ქალაქი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბიბლიაში, უამრავი ტაძრითა და სალოცავით იწონებდა თავს. მისი ულამაზესი გალავნის შიგნით მოქცეული იყო 53 ტაძარი და ათეულობით საკურთხეველი. ასე მაგალითად: ნაყოფიერების ქალღმერთის – იშთარის სახელზე აღმართული 180 საკურთხეველი. ზუსტად იგივე რაოდენობის საკურთხეველი ჰქონდა ასევე აღმართული სიკვდილის ღვთაებას – ნერგალსაც.
* * *
ბაბილონის არსებობას საბოლოო ლახვარი სპარსთა საყოველთაოდ ცნობილმა მეფემ – კიროს II დიდმა ჩასცა ძვ.წ.აღ-ით 539 წელს. ეს უდიდესი ისტორიული მოვლენა აღწერილი აქვს გენიალურ ჰეროდოტეს, თუმცა ყველაზე კარგად და დეტალურად ბაბილონის დაცემის შესახებ ინფორმაცია მაინც დიდმა ძველ ბერძენმა ისტორიკოსმა – ქსენოფონტმა შემოგვინახა. – (ავტორი გენია.ჯი)