ნიკოლა ლებლანი – „ეპიზოდი”
საპონი, უფრო სწორად რომ ვთქვათ, საპნის ხსნარი პირველად მოხსენიებული იქნა ძვ.წ.აღ-ით 2500 წლით დათარიღებულ უძველეს შუმერულ თიხის ფირფიტებში. იგი იმთავითვე იშვიათ და ძვირადღირებულ პროდუქტს წარმოადგენდა ბაზარზე, რის გამოც ჩვეულებრივი მოკვდავები მისი სიკეთით საუკუნეების განმავლობაში თითქმის ვერასოდეს ვერ სარგებლობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა, ერთი პერიოდის განმავლობაში საპონი იმდენად დეფიციტური ჰიგიენური საშუალებაც იყო, რომ სამეფო ოჯახის წევრებიც ვერ აძლევდნენ თავს უფლებას, ყოველდღიურად ესარგებლათ მისით.
XIV საუკუნის ინგლისში საპნის დამზადების მეთოდი გასაიდუმლოებული გახლდათ. საპნისმწარმოებელთა გილდიის შიდაგანაწესი საპნის მწარმოებლებს სხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან ერთად ერთ ჭერქვეშ ღამის თევასაც კი უკრძალავდა მისი დამზადების საიდუმლოება რომ არ გაეცათ. მოგვიანებით საიდუმლოს ფარდა მაინც აეხადა. გაირკვა, რომ საპნის დასამზადებელ ერთ-ერთ უმთავრეს ინდეგრიენტს – პოტაში წარმოადგენდა (თეთრი კრისტალური ნივთიერება, რომელსაც ხის ნაცრისაგან იღებენ). აღნიშნული გარემოების გამო, მასიურად იჭრებოდა და ჩანაგდებოდა ტყეები. საბედნიეროდ, 1787-1789 წლებში დიდმა ფრანგმა ქიმიკოსმა - ნიკოლა ლებლანმა (1742-1806 წლები) სოდის მიღების სამრეწველო მეთოდი შეიმუშავა. ახლა უკვე საპნის მწარმოებლები აღარ საჭიროებდნენ პოტაშს, რადგან იგი სოდით იქნა ჩანაცვლებული.
1791 წელს საფრანგეთში სოდის პირველი მწარმოებელი ქარხანაც აშენდა. შედეგად, საგრძნობლად გაიაფდა ოდესღაც ოქროს ფასად ღირებული ჰიგიენური საშუალება. ამჯერად ჩვეულებრივ მოკვდავთაც მიეცა მისი მოხმარების საშუალება. გარდა ამ სიკეთისა, ნიკოლა ლებლანის სახელთან სხვა საშვილიშვილო სიკეთეც გახლავთ დაკავშირებული – პოტაშის მოპოვების მიზნით აღარ გაიჩეხა ათასობით და ათიათასობით ხე. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ფრანგმა ქიმიკოსმა – „ტყე შეუნახა შვილებს”. – (ავტორი გენია.ჯი)