მარია პუშკინა – „ეპიზოდი”
„რუსული პოეზიის მზედ” წოდებული ალექსანდრე პუშკინის უფროსი ქალიშვილის – მარია პუშკინას (1832-1919 წლები) შესახებ ამბობენ, იგი იმდენად ლამაზ ქალს წარმოადგენდა, რომ მის მიმართ გულგრილი არავინ რჩებოდაო. სახელოვანი მამა მარიამ ოთხი წლის ასაკში დაკარგა, რის გამოც იგი ერთობ ბუნდოვნად ახსოვდა. (ავტორი გენია.ჯი) შესანიშნავი განათლების მქონე გოგონა, ვინაც რუსეთის დედოფლის – მარია ალექსანდრეს ასულის ფრეილინას წარმოადგენდა, 28 წლის ასაკში დაქორწინდა 26 წლის ლეონიდ გარტუნგზე. საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორზე. თუმცა, მათი ქორწინება ტრაგედიით იქნა დასრულებული. პუშკინას მეუღლემ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა სასამართლო დარბაზში, სადაც მას ცრუ ბრალდებით ასამართლებდნენ (წყვილს თანაცხოვრებიდან შვილი არ დარჩენია). შედეგად, 45 წლის ასაკში დაქვრივებული მარია ყოველგვარი საარსებო პირობების გარეშე დარჩა. მისდა საბედნიეროდ, რამდენიმე ხანში მას 200 რუბლის ოდენობით პენსია დაუნიშნა იმპერატორმა. თუმცა რევოლუციის შემდეგ პუშკინის ქალიშვილზე ბოლშევიკებმა პენსიის გაცემა შეწყვიტეს. ამიტომ იგი იძულებული გახდა საცხოვრებლად ერთ-ერთ ნაცნობთან გადასულიყო მოსკოვში. იქ მან ერთ პატარა და ღარიბულ ოთახში დაიდო ბინა.
თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად, მთავრობისაგან სრულად იგნორირებული მარია ყოველდღიურად მიდიოდა და ჯდებოდა ტვერსკაიაზე აღმართული სახელოვანი მამის ძეგლის სიახლოვეს განთავსებულ სკამზე და დიდ დროს ჰყოფდა ხოლმე იქ. ასე უფრო ადვილი იყო მისთვის შიმშილსა და მარტოობაზე გამკლავებაო, – ამბობდნენ მარიაზე.
საბჭოთა ხელისუფლებამ პუშკინაზე პენსიის გაცემის გადაწყვეტილება მოგვიანებით კი მიიღო, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო. მარია პუშკინა, რუსი ხალხის უსაყვარლესი პოეტის უფროსი ქალიშვილი მანამ გარდაიცვალა, სანამ კომუნისტების ხელიდან პირველი პენსიის მიღებას ეღირსებოდა. ყველასგან მიტოვებული და გაუბედურებული ქალის ცხედარი კეთილი ადამიანების წყალობით მიაბარეს მიწას დონის მონასტერში. მის საფლავზე გაკეთებულია ერთობ ლაკონური ეპიტაფია: „პოეტის ქალიშვილი”. – (ავტორი გენია.ჯი)